კარა-მურზამ პულიცერის პრემია მოიპოვა

რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა

6 მაისს, პულიცერის პრესტიჟული პრემიის კომიტეტმა ყოველწლიური დაჯილდოების ლაურეატები გამოაცხადა. ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც "ვოშინგტონ პოსტისთვის" სტატიებს რუსეთის ციხის საკნიდან წერდა, პულიცერის პრემიის მფლობელი გახდა "კომენტარის" კატეგორიაში.

42 წლის კარა-მურზა რუსი პოლიტიკოსი, ავტორი და ისტორიკოსია, რომელიც 2022 წლის აპრილიდან რუსეთის ციხეში 25-წლიან სასჯელს იხდის. ის გასულ წელს ღალატისთვის გაასამართლეს, უკრაინის ომის დაგმობისთვის.

პრიზი კარა-მურზას მიენიჭა იმ მასალებისთვის, რომლებიც "უზარმაზარი პირადი რისკის ქვეშ ციხის საკნიდანაა დაწერილი, შეიცავს გაფრთხილებას ვლადიმერ პუტინის რუსეთში წინააღმდეგობის შედეგებზე და საკუთარი ქვეყნისთვის ითხოვს დემოკრატიულ მომავალს".

ასევე ნახეთ: პულიცერის პრემიის შემდეგ, გილერმო კანოს სახელობის პრიზი

"ნიუ-იორკ თაიმსმა" და "ვაშინგტონ პოსტმა" სამი პულიცერის პრემია აიღო, 2023 წელს გაწეული სამუშაოსთვის, რაც მოიცავდა ბევრ საკითხს, დაწყებული ღაზის ომით და იარაღით ძალადობით დამთავრებული. "ასოშეითიდ პრესმა" გაიმარჯვა მხატვრული ფოტოგრაფიის კატეგორიაში, გლობალური მიგრაციის თემის გაშუქებისთვის. სააგენტო „როიტერმა“ კი პულიცერის ორი ჯილდო მოიპოვა. ერთი უახლესი ამბების ფოტოგრაფირებისთვის, რაც ისრაელ-ღაზის კონფლიქტს ასახავდა და მეორე ჯილდო - ილონ მასკის საწარმოო იმპერიის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიების სერიისთვის.

ყოველწლიური პულიცერის პრემია, რომელიც პირველად 1917 წელს წარმოადგინეს, ამერიკულ ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. მას ნიუ-იორკში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტი გასცემს. პრიზს გაზეთის გამომცემლის, ჯოზეფ პულიცერის სახელი ჰქვია, რომელიც 1911 წელს გარდაიცვალა. მან ჯილდოს დასაწესებლად და უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სკოლის შესაქმნელად, სპეციალური ფონდი დააფუძნა.