“გამარჯობა, თქვენ უსმენთ „ამერიკის ხმას“ – ეს სიტყვები ქართულად პირველად ზუსტად 70 წლის წინ წარმოითქვა და ამერიკის საერთაშორისო, მრავალენოვან მაუწყებელს ქართული რედაქციაც შეემატა. ჟურნალიტების სხვადასხვა თაობა ათწლეულების განმავლობაში მის მსმენელს, შემდეგ კი უკვე მკითხველსა და მაყურებელს მიუკერძოებელ, ექსკლუზიურ, სიღრმისეულ და მრავლისმომცველ მასალებს სთავაზობდა. „რკინის ფარდის“ თუ ქვის კედლების მიღმა, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს, მაშინ და დღეს - „ამერიკის ხმა“ ინფორმაციის სანდო წყაროა....
მაუწყებლისთვის, რომელიც 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომისას ნაცისტურ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად შეიქმნა, მსმენელამდე ხმის მიწვდენა ადვილი არ იყო. საბჭოთა კავშირში სპეციალური სისტემები და ჯგუფები მოქმედებდნენ იმისთვის, რომ უცხოური მედიასაშუალებების სიგნალი ჩაეხშოთ.
„ამერიკის ხმა“ ერთგვარი როლური მოდელის ფუნქციას ასრულებს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ხარისხიანი პროდუქცია და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს,ცხადია ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის თვალსაზრისითაც,- თამარ კინწურაშვილი
ტოტალიტარული რეჟიმის “რკინის ფარდის” შიგნით, დამალული რადიომიმღებებით ჯაზის ჰანგებსა და უილის კონოვერის ხმის მიღმა ჩუმად გაგონილი თავისუფალი სიტყვა ბევრისთვის სწორედ უფრო დიდ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან, დასავლურ, დემოკრატიულ ფასეულობებთან ზიარებას ნიშნავდა. რადიომიმღების ქონა დანაშაულებრივ ქმედებასთან ასოცირდებოდა, მაგრამ მაინც უსმენდნენ, სასჯელის ეშინოდათ, მაგრამ ენდობოდნენ.
დევიდ სატერი, ამერიკელი ავტორი და ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთი უცხოური მედიის, მათ შორის „რადიო თავისუფლებისთვის“ აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის საკითხებზე მუშაობდა, ამბობს, რომ „ამერიკის ხმის“ როლი დამოუკიდებლობის მოპოვების წინა წლებში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო.
„საბჭოთა კავშირი დახურული სისტემა იყო, საქართველო კი - მისი ნაწილი. საქართველოც მოწყვეტილი იყო დანარჩენ მსოფლიოს. ამ გარემოებებში „ამერიკის ხმის“ როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკა კი თავისუფალი სამყაროს ლიდერი იყო. ასე რომ, საქართველოში მცხოვრები ადამიანები უსმენდნენ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას და ზოგჯერ რუსულ რედაქციასაც იმისთვის, რომ მიეღოთ მსოფლიოზე ზუსტი, სანდო ინფორმაცია. მას დიდი აუდიტორია ჰყავდა საბჭოთა პერიოდში საქართველოში და მოვლენები, რომლებსაც „ამერიკის ხმა“ აშუქებდა, ქვეყნის ცხოვრებაშიც თავის როლს ასრულებდა. ზოგადი ამბოხი კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოშიც იწყებოდა, ქვეყანაში, რომელმაც დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“, - ამბობს დევიდ სატერი.
საბჭოთა კავშირის დაშლა, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება, „ვარდების რევოლუცია“, დემოკრატიული გარდაქმნისა და რეფორმების წლები, ომი და ოკუპაცია, მცოცავი ანექსია, რუსეთის ჰიბრიდული აგრესია და მზარდი შიდა პოლარიზაცია - ამ და სხვა პროცესებზე ჟურნალისტების სხვადასხვა თაობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ქართველებს უყვებოდა.
დღეს, როდესაც მედია-გარემო პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში შედარებით თავისუფალი და დამოუკიდებელი, მრავლფეროვანი და მრავალმხრივია, სატერი ამბობს, რომ „ამერიკის ხმის“ როლი კვლავ სერიოზულია. განსაკუთრებით, მედიაში პოლიტიკური ინტერესების ჯგუფების გავლენებისა და რუსული დეზინფორმაციის პირობებში.
„ამერიკის ხმა“ წარმოადგენს ამერიკის ურყევ ღირებულებებს, რომლებიც დაფუძნებულია სამოქალაქო თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიაორგანიზაციები ამერიკის მთავრობამ შექმნა და აფინანსებს, ისინი არ იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინაა ხელისუფლებაში. ისინი ეფუძნება მთლიანად ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებებს და ეს ღირებულებები უნივერსალურია,- დევიდ სატერი
„მედია-გარემო დღეს ბევრად უფრო პლურალისტურია, ეს ცხადია, მაგრამ საბჭოთა კავშირში გაზრდილ ადამიანებს ზოგჯერ ობიექტური ჟურნლისტიკის სტანდარტების აღქმა უჭირთ - მიუკერძოებელი ჟურნალისტური მასალების, რომლებიც პოლიტიკურად არც ერთ მხარეს არაა გადახრილი. ამ კუთხით „ამერიკის ხმა“ კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, იმ ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც თავისუფალი და მიუკერძოებელია, მეორე მხრივ, კი იმის ჩვენებით, როგორია დამოუკიდებელი და პატიოსანი ჟურნალისტიკა. საბჭოთა მემკვიდრეობაც მას ერთგვარ მორალურ ავტორიტეტს და წონას ჰმატებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთიდან საქართველოს წინააღმდეგ მომართული დეზინფორმაციის დიდი ნაკადის მიმართ“, - ამბობს სატერი.
თუკი საბჭოთა ხელისუფლება ათწლეულების წინ „ამერიკის ხმის“ ჩახშობას საქართველოში ბაზალეთის ტბაზე მდებარე გასაიდუმლოებულ რადიოსადგურში ცდილობდა, ახლა, მედია-ანალიტიკოსების აზრით, კრემლის მიერ მართულ-დაფინანსებული პროპაგანდის მანქანის გავლენასთან სანდო ინფორმაციით დაპირისპირება არანაკლებ მნიშვნელოვანი მისიაა.
თამარ კინწურაშვილი, “მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ „ამერიკის ხმა“ საბჭოთა პროპაგანდის მარწუხებში მოქცეულ სივრცეში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და გარესამყაროსგან იზოლირებულ საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდიდა. თუმცა დღესაც, როდესაც მედიაგარემო თვისობრივად განსხვავდება 70 წლის წინანდელი გარემოსგან, საერთაშორისო მაუწყებლის მუშაობა აქტუალობას არ კარგავს.
„დღეს, როდესაც მედია-ეკოსისტემა თვისებრივადაა შეცვლილი და არის ინფორმაციის უზღვევი ნაკადი, ამ პროცესში ხარისხიან ჟურნალისტიკას განსაკუთრებული როლი აქვს: მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ერთმანეთისგან გამიჯნოს ინფორმაცია, რომელიც მას სჭირდება ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისა და თვითმმართველობისთვის, გაყალბებული ან პოლიტიკურად მიკერძოებული ინფორმაციისგან. კრემლის საინფორმაციო კამპანია სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ შექმნას საინფორმაციო ქაოსი და დანერგოს უნდობლობა მედიის, როგორც ინსტიტუტის მიმართ. ეს საზიანოა დემოკრატიული პროცესისთვის, რადგან ფორმულა „ყველა ერთნაირია“ ავნებს პირველ ყოველისა საზოგადოებას, რომელსაც არჩევანის გასაკეთებლად ხარისხიანი ინფორმაცია სჭირდება. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ „ამერიკის ხმა“ ერთგვარი როლური მოდელის ფუნქციას ასრულებს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ხარისხიანი პროდუქცია და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ცხადია ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის თვალსაზრისითაც“, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
„ამერიკის ხმა“ „მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პორტალ „მითების დეტექტორთან“ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. კინწურაშვილს მიაჩნია, რომ ეს მედია-გარემოს გაჯანსაღებაში წვლილის შეტანაცაა.
რადიო „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ რადიომაუწყებლობა 1951 წლის 26 მაისს დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში შეაჩერა. თუმცა 2008 წლიდან რედაქცია სატელევიზიო მასალებსაც ამზადებს. 2010 წლის დეკემბერში კი ეთერში რედაქციის პირველი ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემა „ვაშინგტონი დღეს“ გავიდა, რომელიც ახლაც გადაიცემა „საქართველოს პირველი არხის“ ეთერში და ამერიკასა თუ რეგიონში მიმდინარე უმთავრეს მოვლენებს აშუქებს. რედაქცია ამზადებს ასევე გადაცემებს „ხედვა ვაშინგტონიდან“, რომელიც მაყურებელს ექსკლუზიურ, სიღრმისეულ ინტერვიუებს სთავაზობს და „სტუდია ვაშინგტონს“, რომელიც ყოველდღიურად ათობით რეგიონული მაუწყებლის ეთერში გადის და მაყურებელს ამერიკისა და რეგიონის ახალ ამბებს აცნობს. მზადდება არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი, რეპორტაჟი, პირდაპირი ჩართვა, ანალიტიკური სტატია თუ მულტიმედია მასალა.
კინწურაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში, „შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისგან დისტანცირებული“ მაუწყებლის მუშაობა ხარისხიანი ჟურნალისტიკის ტრადიციასთან ერთად, ქართველი მაყურებლისა თუ მკითხველისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
„ყველაფერი ალბათ მაინც უკავშირდება ტრადიციას, ფაქტებზე დაფუძნებულ მიდგომას და საკითხების სიღრმისეულ გაშუქებას. შიდა პოლიიტკური დღის წესრიგიდან დისტანცირება და სირღმისეული მიდგომა საკითხებისადმი, განასხვავებს მას ზედაპირყლი ან პოლიტიკურად აფილირებული გაშუქებისგან, რისი დეფიციტიც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედიაბაზარი ზოგადად მრავალფეროვანია და ვერ ვიტყვით, რომ პლურალიზმის პრობლემაა“, - განმარტავს კინწურაშვილი და დასძენს, რომ ეს პლურალიზმი მხოლოდ გარეგნულია, რადგან მოქალაქეებს სიმართლის დასადგენად განსხვავებული წყაროების მოძიება და ინფორმაციის შედარება სჭირდებათ.
„ამერიკის ხმის“ მუშაობა მნიშვნელოვანია, მაშინაც, როდესაც გარე საინფორმაციო ოპერაციებისა და ჰიბრიდული ომის გამოწვევა არსებობს. რადგან ეს ეხმარება საზოგადოებას გარკვეულწილად არ დაკარგოს ნდობა ხარისხიანი ჟურნალისტიკისადმი. ეს არის არსებითი დღევანდელ პირობებში, როდესაც ზოგადად ინერგება ნიჰილიზმი დემოკრტიისა და ინსტიტუტების მიმართ, პროცესი დემოკრატიის ეროზიისკენაა მიმართული. ეს ნიჰილიზმი ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ არ გვჭირდება ინფორმაცია. ესეც საზიანოა, რადგან როდესაც ადამიანები არ ეძებენ ხარისხიან ინფორმაციას, უხარისხო ინფორმაცია იპოვის მათ და ის ზიანი რომელიც ამის შედეგად შეიძლება დადგეს საზოგადოებაში, შეიძლება არ იყოს ხილული, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ გააცნობიეროს საზოგადოებამ და იყოს ძალიან დიდი“, - განმარტავს „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.
„ამერიკის ხმა“ ეთერში პირველად მოკლეტალღურ რადიოსიხშირეზე 1942 წლის თებერვალში გავიდა. „ეს ამერიკიდან მომავალი ხმაა. დღეიდან ყოველდღე, ამ დროს ჩვენ მოგითხრობთ ამერიკისა და ომის შესახებ. ახალი ამბები ხან კარგი იქნება, ხან - ცუდი. მაგრამ ჩვენ სიმართლეს გეტყვით“, - პირველი პირდაპირი ეთერი ამერიკელ ჟურნალისტსა და მწერალს - უილიამ ჰარლან ჰეილის მიჰყავდა და პირველი რადიო შოუ ნიუ-იორკის სტუდიიდან სწორედ მისი ამ ლეგენდარული სიტყვებით გაიხსნა. დღეს „ამერიკის ხმა“ მთელ მსოფლიოში სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით 40-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობს. მის ტელე-რადიო გადაცემებს 2 500-მდე მაუწყებელი ავრცელებს და მის მასალებს 275-მილიონამდე ადამიანი ეცნობა.
„ამერიკის ხმა“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, რომლის საქმიანობასაც „ამერიკის გლობალური მედიის სააგენტო ზედამხედველობს. მას შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ჩარევისგან, 1994 წელს მიღებული კანონიც იცავს, რომელიც თეთრ სახლს თუ ამერიკის მთავრობის ნებისმიერ განშტოებას მის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას უკრძალავს.
რუსეთის ხელისუფლება რომელიც „ამერიკის ხმას“ და „რადიო თავისუფლებას“ უცხო ქვეყნის აგენტებად დარეგისტრირებას აიძულებს და მუშაობის გაუსაძლის პირობებს უქმნის, ხშირად ცდილობს მოქალაქეების დარწმუნებას იმაში, რომ ამერიკის მთავრობის მიერ დაფუძნებული მედიასაშუალებები პრო-ამერიკული ინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტია. მედიაანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლის ყოველგვარი მცდელობა გააიგივოს საკუთარი დაფინანსებული და ღიად თუ ფარულად მართული მედია-ორგანიზაციები ამერიკის მთავრობის მიერ ათწლეულების წინ დაფუძნებულ მედიასაშუალებებთან, არსებითად მცდარი და უსაფუძვლოა.
„კრემლი გარდა ოფიციალურად დაფუძნებული მედია-პლატფორმებისა, ხშირად სწორედ დასავლური ბრენდებით შენიღბულ პლატფორმებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და კონტრბრალდებების მიზანი მხოლოდ ისაა, რომ პასუხად ხელი სხვა მიმართულებით გაიშვიროს“, - ამბობს კინწურაშვილი და განმარტავს, რომ განსხვავებები ყველასთვის ნათელია:
„განმასხვავებელი არის პირველ ყოვლისა, გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა, სტანდარტები, მაღალი პროფესიონალიზმი და მიზნები - [„ამერიკის ხმის“] მიზანი დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობაა მაშინ, როდესაც რუსული პროპაგანდა პირიქით, ცდილობს მოახდინოს დემოკრატიის ეროზია, დათესოს უნდობლობა, ნიჰილიზმი და არაცივილური მეთოდებით უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც ყველა საზოგადოებაში არსებობს. ის არაა ანგარიშვალდებული აუდიტორიის წინაშე, რაც აარსებითად განასხვავებს მას დასვალური ტიპის მედიებისგან, რომლებიც პირველ რიგში აუდიტორიაზე არიან ორიენტირებულნი და არა კრემლის, როგორც დამკვეთის, ინტერესებზე, რასაც ვხედავთ „სპუტნიკის“ ან სხვა ფარული პლატფორმების შემთხვევაში, რომლებსაც ზურგს რუსეთი უმაგრებს“, - ამბობს მედიის მკვლევარი.
დევიდ სატერი, რომელიც მოსკოვში წლების განმავლობასი მუშაობდა და რუსეთის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორიცაა, ამბობს, რომ ამერიკის ხელისუფლება კანონს ემორჩილება და მისი დაფუძნებული მედიასაშუალებები თავისუფალი მედიის პრინციპებით მოქმედებს, და არა პუტინის რეჟიმის საკეთილდღეოდ:
„ამერიკისთვის ღირებულია პრესის თავისუფლება და ის ყოველთვის იცავდა მას. ეს ასახულია ამ საერთაშორისო მაუწყებლობაშიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს არაა კონკრეტული რეჟიმის ინსტრუმენტი, ისე როგორც ეს ხდება რუსეთის დეზინფორმაციული მედიასაშუალებების შემთხვევაში, რომლებიც არსებობენ იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი გააძლიერონ. „ამერიკის ხმა“ წარმოადგენს ამერიკის ურყევ ღირებულებებს, რომლებიც დაფუძნებულია სამოქალაქო თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიაორგანიზაციები ამერიკის მთავრობამ შექმნა და აფინანსებს, ისინი არ იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინაა ხელისუფლებაში. ისინი ეფუძნება მთლიანად ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებებს და ეს ღირებულებები უნივერსალურია არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ყველა ქვეყნისთვის“, - ამბობს დევიდ სატერი.
დღეს „ამერიკის ხმა“ საქართველოში თითქმის ყველა წამყვან ეროვნულ თუ რეგიონულ მაუწყებელთან თანამშრომლობს. მის ვებგვერდს კი ასობით ათასი ადამიანი ეცნობა. ექსკლუზიური ინტერვიუები ამერიკელ კანონმდებლებთან თუ მაღალი რანგის ექსპერტებთან; ამერიკაში, საქართველოსა თუ რეგიონში მიმდინარე მოვლენების შეფასებები სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორიდან; ინფორმაცია შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებზე; ამბები ამერიკაში მყოფი ქართველების შესახებ და ა.შ. ტრადიცია კი გრძელდება: „ახალი ამბები ხან კარგი იქნება, ხან - ცუდი, ჩვენ ყოველთვის სიმართლეს გეტყვით“.