„სულელი ნაბიჭვარია“ ასე მოიხსენია ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტი, რომელიც ჯო ბაიდენისგან ინფლაციის შესახებ პასუხს ელოდებოდა. პრეზიდენტმა ეს რემარკა პრესკონფერენციის დასასრულს, მიკროფონში ჩაილაპარაკა, რომელიც ჩართული იყო.
ჟურნალისტმა, პიტერ დუსიმ პრეზიდენტს კითხვა მაშინ დაუსვა, როდესაც ბაიდენი თეთრი სახლში კონკურენციის საბჭოს სხდომას მართავდა. საბჭო მუშაობს რეგულაციების შეცვლაზე, რომელიც მოქალაქეებს მაღალ ფასებთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს. ინფლაციამ შეერთებულ შტატებში, ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
„ფოქს ნიუსის ჟურნალისტმა“ პრეზიდენტს კითხრა: „როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ინფლაცია შუალედური არჩევნების წინ პოლიტიკურად არასახარბიელო?“
"ეს ძალიან გვარგებს, მეტი ინფლაცია", - სარკასტულად აღნიშნა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა, შემდეგ თავი გააქნია და დაამატა „რა სულელი ნაბიჭვარია".
დუსიმ ჯო ბაიდენის განცხადების პასუხად "ფოქს ნიუსთან" საუბარში, იხუმრა, რომ პრეზიდენტის კომენტარი მასზე "ჯერ არავის გადაუწმებია და დაუდასტურებია".
მოგვიანებით ჟურნალისტმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მას დაურეკა და უთხრა, რომ ეს გამონათქვამი პირადად არ მიეღო. „არაფერი პირადი მეგობარო“, - უთხრა პრეზიდენტმა დუსის, ამ უკანასკნელის განცხადებით.