ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო აცხადებს, რომ აღმოსავლეთის ფლანგს გააძლიერებს


ნატომ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი წევრები უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციის საპასუხოდ, ალიანის აღმოსავლეთ ნაწილში გემებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნიან.

ნატომ განცხადებაში თქვა, რომ იგეგმება აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნა. დაგეგმვის პროცესში განიხილება დანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების და შეერთებული შტატების ჯარისკაცების გაგზავნა.

„ნატო გააგრძელებს საჭირო ნაბიჯების გადადგმას რომ დაიცვას ყველა მოკავშირე, მათ შორის, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. „ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ჩვენი ერთობლივი თავდაცვის გაძლიერებით“.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბრალი დასდო შეერთებულ შტატებს და ნატოს მოკავშირეებს დაძაბულობის გაღრმავებაში.

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, გასულ უქმეებზე კიევში საკუთარი საელჩოების თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცეს. უკრაინის საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს ნაბიჯი ნაადრევია.

„მაშინ, როცა ჩვენ პატივს ვცემთ უცხო ქვეყნების უფლებას უზრუნველყონ მათი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება, ჩვენ ვთვლით, რომ ეს ნაბიჯი ნაადრევი და ზედმეტი სიფრთხილის გამოხატულებაა“, განაცხადა საგარეო სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ „ტვიტერზე“.

უკრაინის საზღვარზე ათობით ათასი რუსი სამხედრო და შეიარაღებაა მობილიზებული. დასავლეთის დედაქალაქებში აცხადებენ, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. რუსეთი აღნიშნულს უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG