ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინისთვის 1,2 მლრდ. ევროს ოდენობის დახმარების გაწევას გეგმავს


ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირი გეგმავს უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი შეიმუშავოს. ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დახმარება რუსეთთან კონფლიქტის შედეგების შემსუბუქებას ისახავ მიზნად.

„კომისიის წინადადება მოიცავს 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის გადაუდებელ მაკროფინანსურ დახმარებას“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და თქვა, რომ პაკეტი მოიცავს როგორც სესხს, ასევე გრანტებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი პარასკევს უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდმირ ზელენსკის.

ფონ დერ ლაიენმა იმედი გამოთქვა, რომ დახმარების პაკეტი, ევროკავშირის სტრუქტურების მიერ სწრაფად დამტკიცდება და 600 მილიონი ევროს ღირებულების პირველი ტრანშის გამოყოფა მოკლე ვადებში მოხერხდება.

ის ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, იგივე მიდგომით იმოქმედონ და უკრაინასთან ჩართულობა განაახლონ.

ევროკომისია მიმდინარე წელს კიევისთვის გათვალისწინებული გრანტების ოდენობას თითქმის აორმაგებს და დაგეგმილ 160 მილიონს 120 მილიონ ევროს დაამატებს.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაზე კონტროლი აიღეს, ევროკავშირმა და ევროპულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, გრანტისა და სესხის სახით უკრაინას 17 მილიარდზე მეტი ღირებულების ფინანსური დახმარება აღმოუჩინა.

XS
SM
MD
LG