ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ვაშინგტონს დაძაბულობის „გაღვივებაში“ ადანაშაულებს


ვაშინგტონმა 8500 სამხედრო მოსამსახურე მზადყოფნაში მოიყვანა, რათა კრემლის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპაში მათი გადასხმა მოხდეს. საპასუხოდ, კრემლმა ვაშინგტონი დაძაბულობის „გაღვივებაში“ დაადანაშაულა.

განცხადება მოსკოვის სახელით რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინაში შეჭრას და ეს მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა.

აქვე კრემლი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონთან და ბრიუსელთან უშედეგოდ დასრულდა და ახლა უკვე მოსკოვი ამერიკისგან, კრემლის მოთხოვნებზე წერილობით პასუხს ელოდება.

რუსეთის ჯარის უკრაინის საზღვარზე მობილიზაციასთან ერთად, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ 24 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შეიარაღება და გემები გაგზავნოს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და ის რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ოფიციალური მოსკოვის ცნობით, კი მიმდინარე კვირაში ვლადიმირ პუტინი ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან გეგმავს საუბარს. როდის გაიმართება რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების აუდიენცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

21 იანვარს, ამერიკის და რუსეთის დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების რაუნდი წარუმატებლად დასრულდა და ამერიკა მოსკოვს წერილობითი უპასუხებს, „ულტიმატუმზე“, რომელიც კრემლმა გასული წლის დეკემბერში გაასაჯაროა.

კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა შეიცვალოს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.

დასავლეთის ქვეყნები ამბობენ, რომ რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ იგეგემება და რომ გადაწყვეტილებას თუ ვინ გაწევრიანდეს ნატოში, თითოეული ქვეყანა და ალიანსი თავად მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG