ალიევმა ივანიშვილი გაიცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში პირველად ჩავიდა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ბაქოში ჩავიდა. ქართული დელეგაცია ხუთი მინისტრით იყო წარმოდგენილი, მათ შორის: საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე, ენერგეტიკის მინისტრი კალაძე, ეკონომიკის გიორგი კვირიკაშვილი და დიასპორის მინისტრი სურგულაძე. ასევე საპატრნიორო ფონდის დირექტორი კოვზანაძე.

პირველი რეგიონალური ვიზიტი ტრადიციულად აზერბაიჯანელთა ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავის მონახულებით დაიწყო. ივანიშვილმა ყვავილები ასევე მიიტანა „შაჰიდების ხეივანში“, ძმათა სასაფლაოზე, სადაც 1990 წლის იანვარში, საბჭოთა ჯარების მიერ ბაქოში მოკლული აზერბაიჯანელები და ასევე, ყარაბაღის ომში დაღუპული მეომრები განისვენებენ.

ზაგულბას სასახლეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი ენერგორესურსების ტრანზიტის თემა იყო. გარდა ილჰამ ალიევისა, ბიძინა ივანიშვილი ასევე აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასიზადესაც შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ვიზიტთან დაკავშირებით კერძოდ განაცხადა:

„მოგეხსენებათ ეს არის საქართველოს პრემიერის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში. ივანიშვილი დიდი პატივით მიიღეს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. საუბარი ძირითადად შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს და ასევე გლობალურ საკითხებსაც.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში რამდენიმე დღეში შედგა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა კითხვები დასვა ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახალი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელზეც უკვე 700 მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოს ცენტრალურ სარგინიგზო მაგისტრალზე, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში ტვირთბრუნვის შემცირებას გამოიწვევს:

„ყარსი-ახალქალაქი გეოპოლიტიკურად ძალიან სასარგებლოა, კარგია რაც მეტი ტრანზიტი იქნება საქართველოზე. მაგრამ ეკონომიკურად, როცა ეს რკინიგზა ამუშავდება, ჩვენს ძველ რკინიგზაზე ტვირთბრუნვა შემცირდება რაც საქართველოს ნავსადგურებსაც დაეტყობა.

მე ვფიქრობ, რომ ისეთ პარტნიორთან როგორიც აზერბაიჯანია ჩვენ ამ კითხვებს დავარეგულირებთ. დღეს ჩვენი ძველი რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე დაახლოებით 20 მილიონი ტონაა მაშინ როცა ბაქო-ახალქალაქი-ყარსის საპროექტო სიმძლავრე 19 მილიონ ტონაზეა გათვლილი.“

ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზაზე, პროექტის მიხედვით, საცდელ მატარებელს 2012 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა გაევლო, თუმცა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მშენებლობა დროებით შეჩერებულია.

ოფიციალური ბაქოდან ელოდება სიგნალს, საქართველოს საწვავის ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მონოპოლისტი აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარიც“.

ბუნებრივი აირის ტარიფის გაიფებაზე საუბარი „სოკარის“ ხელმძღვანელებთან პრემიერ-მინისტრმაც და ენერგეტიკის მინისტრმაც თბილისში ჯერ კიდევ ნოემბერში გამართეს, თუმცა საბოლოო სიტყვა რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მთავრობაზეა.

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ბაქოში განაცხადა, რომ თბილისი ბაქოდან ელექტროენერგიის იმპორტსაც გეგმავს:

„ჩვენ ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით, გვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი. ჩვენ ეხლა ვახორციელებთ იმპორტს რუსეთიდან და გვინდა იმპორტი აზერბაიაჯანიდანაც, ეს იქნება სამ თვეზე გათვლილი. ამასთან დაკავშირებით გვექნება მოლაპარაკებები.“

თურქეთის შემდეგ, აზერბაიჯანი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია. ბოლო 11 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 28 პროცენტით გაიზარდა და მილიარდ 150 მილიონი დოლარი შეადგინა. დღეს აზერბაიჯანზე, საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12 პროცენტზე მეტი მოდის.