ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგილოები საქართველოს ელჩის გაწვევას ითხოვენ


საქართველოს ელჩი შარაშენიძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი
საქართველოს ელჩი შარაშენიძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი

საგარეო საქმეთა სამინისტრი ინციდენტს კატეგორიულად უარყოფს

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკური ქართველები საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის გაწვევას ითხოვენ. ინციდენტი აზერბაიჯანის ქართველობასა და ელჩს შორის ჯერ კიდევ აპრილში მოხდა, თუმცა დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

ელჩი შარაშენიძე მოადგილესთან ერთად, ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადს ადგილობრივების თხოვნით ეწვია. წინასწარი შეთანხმებით, ზაქათალის გამგებელთან ერთად, უნდა განხილულიყო ის პრობლემები, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს აქვთ - მათ შორის, ქართული სკოლის, ბავშვთა ბაღისა და ახალშობილთათვის ქართული სახელების დარქმევის საკითხები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს ალიაბადელებმა განუცხადეს, რომ ელჩმა ქართველებს შეურაცყოფა მიაყენა სკანდალური ფრაზით - „ჯერ გაარკვიეთ ქართველები თუ ხართ საერთოდ და შემდეგ დააყენეთ ეს პრობლები“. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ელჩი შარაშენიძე ნასვამი იყო:

„18 აპრილს ინგილოებთან იმყოფებოდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და ასევე მისი მოადგილე. ალიაბადის მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ელჩთან უნდოდათ საუბარი სოფელში ქართული სკოლისა და საბავშვო ბაღის არარსებობასთან დაკავშირებით. როგორც მათ გვითხრეს, ელჩი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.“

საქართველო-აზერბაიჯანის მოსაზღვრე - კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში, დაახლოებით 40 ათასამდე ჰერი, ინგილო ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა ეთნოგრაფიულ ჯგუფს მიეკუთნებიან.

ქრისტიანული რწმენა და ქართული ადათ-წესები მხოლოდ კახის რაიონის ქართველობის ნაწილმა შეინარჩუნა, დანარჩენი მუსლიმია და ეს პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს.

ეთნიკური ქართველები სულ უფრო ხშირად და ღიად საუბრობენ, რომ აზერბაიჯანში უხეშად ირღვევა მათი უფლება, განსაკუთრებით, აღმსარებლობის თავისუფლებისა და განათლების მიღებასთან დაკავშირებით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ მასალაში, საინგილოში მცხოვრები ეთნიკური ქართველი ქალბატონი, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით, არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება კერძოდ ამბობს:

„აქ კანონები არ არსებობს აბსოლუტურად - უშიშროება, დაშინება, დამუქრება აი ეს არის აზერბაიჯანელების მეთოდი. საბავშვო ბაღში იცის რომ ერთი მასწავლებელი ეკლესიაში დადის და ეუბნება რატომ დადიხარ ბოლომდე აქ უნდა იყო!

ამის გამო სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. ჩვენს მოძღვარს მამა ბასილს ავიწროვებენ, ემუქრებიან, პარასკეობით ვერ ჩამოდის, პარაკლისებს ვერ ატარებს.

ყველა ემუქრება, ხელისუფლების წარმომადგენელი და უბრალოდ გზაზე გამვლელიც კი, ნებისმიერი ადამიანი. მაგალითად, ახლა აღდგომა რომ იყო საფლავებზე წასვლა და საფლავების კურთხევა აუკრძალეს. არ არსებობს კანონი, არ გვყავს პატრონი. საქართველოდანაც ვერ ვრგძნობთ ვერანაირ ყურადღებას.“

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო ინციდენტს არ ადასტურებენ. ელჩის მოადგილე გელა გიორგაძე ალაიბადში ყოფნის ფაქტს ადასტურებს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ელჩის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეს, რომელმაც აღნიშნა რომ სამინისტრო სწავლობს ამ არასასიამოვნო ისტორიას

გელა გიორგაძე: „ეს არის აბსოლუტური სიცრუეა რა თქმა უნდა, ასეთი საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით ალიაბადში თუ არ ვცდები 12 აპრილს, სკოლების და ბაღების გახსნაზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება სიმთვრალეს, ზაქათალის გამგებელიც იქ იყო, ჩვენც ვიყავით და საიდან მოიტანეს ვერ გეტყვით.“

ნინო კალანდაძე: „კონკრეტულად თეზიკო შარაშენიძის შემთხვევაში მე არავითარი ეჭვი არ მეპარება, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ექნებოდა. იგი დაინტერესებულია, რომ ყველა მოქალაქის ინტერესი დაცული იქნას და უპირველეს ყოვლისა, აქ არის საუბარი საინგილოში მცხოვრებ მოსახლეობაზე. მათ ინტერესში მოქმედებს დამოუკიდებლადაც და ჩვენი ინსტრუქციის შესაბამისადაც. ამიტომ, სამართლე გითხრათ, სანამ შესაბამისი მოკვლევა არ ჩატარდება და არ გაირკვევა რეალურად რა დგას ბრალდებების უკან, ჩვენ არა მხოლოდ რეაგირებას არ მოავხდენთ, არამედ საერთოდ ეჭვი არ შეგვაქვს ჩვენი ელჩის კეთილსინდისიერებაში.“

საქართველოს თითქმის ერთი წლის მანძილზე არ ჰყავდა ელჩი აზერბაიჯანში, 2010 წლის დეკემბერში ამ თანამდებობაზე თეიმურაზ შარაშენიძე დაამტკიცეს.

პროფესიით ექიმი, 1995 წლიდან არის დიპლომატიურ სამსახურში. დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა საქართველოს საელჩოში თურქეთში, იყო სტამბულში პირველი გენერალური კონსული და ასევე, საქართველოს პირველი ელჩი ბულგარეთში.

XS
SM
MD
LG