საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში (UEFA) ერთობლივ განაცხადს შეიტანენ. ეს ამბიციური გეგმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას გაამჟღავნა.
„გუშინ ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული და შთამბეჭდავი პროექტები, რომელიც ჩვენი ხალხებისთვის თანაბრად მომგებიანი იქნება. ჩვენ ვაშენებთ ახალ ენერგეტიკულ პროექტებს, ახალ რკინიგზას აბრეშუმის გზა. შევთანხდით ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ერთობლივი განაცხადი შევიტანოთ, არის კიდევ სხვა ბევრი საერთო პროექტები.“
სპორტისა და ტურიზმის გარდა პრეზიდენტ სააკაშვილის ორდღიანი ოფიციალურ ვიზიტის ძირითადი თემები, ტრანსპორტი და ენერგეტიკა იყო. მიხეილ სააკაშვილმა ეს საკითხები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ არტურ რასიზადესთან პირისპირ განიხილა, დღეს კი აზერბაიჯანის პარლამენტში 20 წუთიანი გამოსვლა ჰქონდა.
ერთ-ერთი მთავარი შეთანხმება ერთობლივი საქართველო-აზერბაიჯaნის ენერგეტიკული კომპანიის შექმნა გახდა, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტზე იმუშავებს.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხდა, რომ 2012 წელს, ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზაში აზერბაიჯანი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას მოახდენს.
„ამ რკინიგზის მშენებლობაში მხოლოდ წელს აზერბაიჯანის მხრიდან 320 მილიონი დოლარი იდება. წელს უკვე წავა საცდელი მატარებლები და ეს არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში. აქ იქნება, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო სეგმენტი.
უახლოეს წლებში 2 მილიონი ადამიანი თანამედროვე მატარებლით გადაადგილდება ევროპისკენ ყარსი-თბილისი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზით. ეს არის აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ევროპის დამაკავშირებელი რკინიგზა.
ასევე შევთანხმდით ერთობლივი ელექტროენერგიის კომპანიის შექმნაზე, რომელიც მესამე ქვეყნების მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტს ერთობლივად აწარმოებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში, ახალი ჰესების მშენებლობაში დამატებით ჩაიდება აზერბაიჯანული ფული.“
პრეზიდენტ სააკაშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა მას შემდეგ, რაც სომხური მედიით, სომხურ-ქართული სამხედრო წვრთნების გამართვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 21-23 თებერვალს ერევანში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, სომხურ-ქართული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „მასობრივი განადგურების იარაღის გადატანის აღმოჩენა და აღმოფხვრა ჩატარდა.“
სომხური მედია იტყობინებოდა, რომ ანალოგიური წვრთნები ზაფხულში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
უცნობია ბაქოში ვიზიტისას განხილული იქნა თუ არა საქართველო-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, ქართული დელეგაციის წევრები ძირითად აქცენტს მხოლოდ ეკონომიკაზე, ტურიზმსა და სპორტზე აკეთებდნენ.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტმა რამაზ ნიკოლაიშვილმა კიდევ ერთხელ გასუვა ხაზი ახალი რკინიგზის მნიშვნელობას
„ამ პროექტის დასრულება განსაზღვრულია 2012 წელს, პირველ მატარებელს გავატარებთ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ახალი მატარებლებისა და ვაგონების შემადგენლობების საჭიროება დგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ვაგონშემკეთებელი ქარხანა უნდა დავტვირთოთ. სწორედ ამ ქარხნის მოდერნიზაციაზე ვისაუბრეთ. მივიღეთ დავალება და მომავალი წლიდან ამ ქარხანაში ვაგონების წარმოებას დავიწყებთ. ერთდროულად მაისში ამ პროექტზე 4500 კაცი“
რა შანსები აქვთ აზერბაიჯანსა და საქართველოს 2020 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის უმანსპინძლონ ?! აზერბაიჯანი აქცენტს მზარდ ეკონომიკურ განვითარებაზე აკეთებს და მისი ამბიციები სულ უფრო იზრდება.
აზერბაიაჯანმა უკვე წარადგინა ბაქოს კანდიდატურა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ. რაც შეეხება ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას, აზერბაიჯანსა და საქართველოს სერიოზული კონკურენტები ჰყავთ.
უეფაში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი უკვე გამოთქვეს ჰოლანდიამ, თურქეთმა, ბელგიამ, ბოსნია-ხორვატია-სერბეთის ტრიომ, ჩეხეთ-სლოვაკეთმა, რუმინეთი-ბულგარეთმა ერთობლივად და ირლანდია-შოტლანდია-უელსის ტრიომ.
უეფამ გადაწყვეტილება 2014 წელს უნდა მიიღოს. აღსანიშნავია,რომ აზერბაიჯანი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის გამართვისთვის უფლებისთვისაც იბრძოდა, თუმცა ბრძოლას პირველივე ტურში გამოეთიშა.