ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო: ევრო 2020 თუ წინასაარჩევნო პიარი?


აზერბაიჯანმა ევრო-2020-ის მასპინძლობაზე უარი თქვა
აზერბაიჯანმა ევრო-2020-ის მასპინძლობაზე უარი თქვა

საქართველო მარტო შეეჭიდა ზე-ამბიციურ გეგმას 2020 წელს უმასპინძლოს კონტინეტის ჩემპიონატს ფეხბურთში. ოფიციალური ვერსიით, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, რომ მთელი ყურადღება 2020 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაზე გადაიტანოს.

არაოფიციალურად კი, რაზეც აზერბაიჯანულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, აზერბაიჯანს არც არასდროს ჰქონია სურვილი საქართველოსთან ერთად ემასპინძლა ევრო 2020-სთვის. ეს ამბიციური იდეა მარტის დასაწყისში, მოულოდნელად პრეზიდენტმა სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას გააჟღერა.

აზერბაიჯანის, როგორც პოლიტიკურ, ისე სპორტულ წრეებში მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ სააკაშვილის ეს განცხადება, შესაძლოა პრეზედენტ ილჰამ ალიევთან შეთანხმებული არ ყოფილიყო, ვინაიდან ბაქოს კანდიდატურა უკვე წარდგენილი იყო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობაზე.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და უეფა კი, ერთ ქალაქში ორი გრანდიოზური სპორტული ღონისძიების გამართვას უბრალოდ გამორიცხავენ. საბოლოოდ, საქართველომ დამოუკიდებელი განაცხადი წარადგინა უეფას გენერალურ სამდივნოში. სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ამასთან დაკავშირებით ბრძანა

„აზერბაიჯანთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან მათ 2020 წლის ოლიმპიადაზე აქვთ განაცხადი შეტანილი და უკვე ბევრი რამ აქვთ ოლიმპიადისთვის გაკეთებული, ჩვენ დამოუკიდებელი განაცხადი წარვადგინეთ.

რამოდენიმე ეტაპის გასვლის შემთხვევაში, საქართველო მიიღებს ჩვენთვის საოცნებო საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, რაზეც თითოეული ქართველი ოცნებობს.“

ევრო 2020-ის მასპინძლობის უმთავრესი ფავორიტი თურქეთია, რომელსაც რამდენჯერმე საჯაროდ მხარი უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმაც დაუჭირა. კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობის მიზნით, თურქეთმა მოხსნა სტამბოლის კანდიდატურა, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტი ქალაქების სიიდან.

ფინანსური მოსაზრებებით ძალიან ბევრმა წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ თავი შეიკავა უეფაში განაცხადის წარდგენისგან. მათ შორისაა გერმანია. ბოლომდე გაურკვეველია, უელსი-შოტლანდიის ტანდემის საკითხი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამედროვე სტადიონების სიმცირის გამო, უელსი და შოტლანდია, ირლანდიასთან გაერთიანებას გეგმავენ.

ამ ფონზე, საქართველოს განაცხადი მართლაც პარადოქსულად გამოიყურება. სპორტული ჟურნალისტი გია გორგოძე კერძოდ ამბობს

გია გორგოძე: „ღიმილის მომგვრელია ყველაფერი ეს. დაწყებული იქედან, რომ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა ლამის დაგვცინეს, ჩატარება რო გვინდოდეს საქართველოს გარეშეც მოვახერხებთო. ესეთი იყო ოფიციალური კომენტარი.

მეორეც თურქეთს გარანტია მისცა პირადად პლატინიმ, ამის გამო თურქეთმა ოლიმპიადაზეც კი თქვა უარი. აზერბაიჯანს პირიქით ოლიმპიადაზე აქვს პრეტენზია, რომ ბაქოში ჩაატარებენ. ნუ, ეს არის აბსოლუტურად საარჩევნო პიარისთვის გათვლილი ინიციატივა.“

უეფას სტანდარტული მოთხოვნების შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტედენტ ქვეყანას უნდა გააჩნდეს ცხრა თანამედროვე ტიპის სტადიონი. მათგან, ორი 50 000 იანი, სამი - 40 000 იანი და ოთხი 30 000 ტევადობის. ასევე თანამედროვე გზები, აეროპორტები და სასტუმროები.

საქართველოში სულ სამი სტადიონი, რომლებმაც შესაბამისი რეკონსტრუქციის შემდეგ შეიძლება უეფას მოთხოვნები დააკმაყოფილონ. თბილისში ეროვნული სტადიონი, რომელიც 55 000 მაყრებელს იტევს და მიხეილ მესხი, რომლის ტევადოვაც 27 ათასია. ასევე ქუთაისის სტადიონი, სადაც 14 700 მაყურებელი ეტევა.

XS
SM
MD
LG