იტალიის პრემიერ მინისტრი ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ არც მას და არც მმართველ კოალიციას „ფაშიზმის ნოსტალგია“ არ აქვს. ჯორჯია მელონმა მემარცხენე ოპონენტების ბრალდებებს გაზეთ „კორიერე დელა სერა“-სთან გაგზავნილ წერილში უპასუხა.
„უკვე მრავალი წელია, როგორც ამას ყველა პატიოსანი დამკვირვებელი ხედავს, პარტიები რომლებიც პარლამენტში მემარჯვენე ძალას წარმოადგენენ, ღიად აცხადებენ, რომ აქვთ შეუთავსებლობა ფაშიზმის ნოსტალგიასთან,“- წერს მელონი.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა განმარტებები, რაც იტალიის ომისდროინდელი პარტიზანული მოძრაობის (ANPI) წევრებმა მას მოუწოდეს, რომ გამიჯვნოდა ფაშიზმს და იგნაციო ლა რუსას. ამ უკანასკნელმა, რომელიც მელონის „იტალიის ძმების“ პარტიის წევრია, კარიერა ბენიტო მუსოლინის მემკვიდრე პარტიის, იტალიის სოციალურ მოძრაობაში დაიწყო.
ასევე ნახეთ: რუსეთმა მოლდოვიდან დიპლომატი გააძევა და ქვეყანაში შესვლა რამდენიმე მოლდოველ ოფიციალურ პირს აუკრძალა„იტალიის ძმებს“ სათავეს უდებს იტალიის სოციალური მოძრაობა (MSI), რომელიც 1946 წელს ჩამოყალიბდა, როგორც მუსოლინის პირდაპირი მემკვიდრე.
მელონის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ის ემიჯნება ლა რუსას განცხადებებს, თუმცა ოპონენტები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.
„მან უნდა აჩვენოს გამბედაობა და ნათლად თქვას „ჩვენ არ ვართ ფაშისტები,“- ამბობს ჯიზეპე სალა, მელონის მემარცხენე ოპონენტი.
იტალიურ გაზეთში, იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მის პარტიას აქვს ისეთივე ღირებულებები, როგორიც ამერიკაში რესპუბლიკურ პარტიას და ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიას აქვს. ეს მოიცავს ეროვნული იდენტობის, ტრადიციული ოჯახისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ეს ყოველივე კი მელონის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია.
თავად მელონიმ ახალგაზრდობაში მუსოლინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა და რამდენჯერმე დაგმო დიქტატორის გადაწყვეტილებები და თქვა, რომ მას „არასდროს ჰქონია სიმპათია ფაშიზმის მიმართ“.