მოსკოვის სასამართლომ, ყოფილი პოლიციელის სერგეი ვედელის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ კიევში დაბადებულ ვედელის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარის მტკიცებით ვედელმა „ცრუ ინფორმაცია“ გაავრცელა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.
ბრალდების მხარის მტკიცებით ვედელმა სამ სატელეფონო საუბარში, კოლეგებთან და ნაცნობებთან თქვა, რომ უკრაინაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების დანაკარგები ბევრად აღემატებოდა ოფიციალურ სტატისტიკას. გამოძიების მიხედვით ირკვევა, რომ ყოფილმა პოლიციელმა სატელეფონო საუბრების დროს თქვა, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ და უკრაინის მთავრობა ნაცისტური არ იყო.
დაცვის მხარის მტკიცებით ბრალდება უკანონოა. ვედელის ადვოკატი დანილ ბრემანი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრები უკანონოდ არის მოპოვებული და მისი დაცვის ქვეშ მყოფი საუბრობდა მეგობრებთან. ეს კი არ შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის გავრცელებად.
თავად ბრალდებულმა სატელეფონო საუბრების შინაარსი დაადასტურა და სასამართლოს ბოდიში მოუხადა.
სერგეი ვედელი დაიბადა და გაიზარდა კიევის რეგიონში, ქალაქ ირპინში. ის რუსეთში 2022 წლის 18 მარტს დააპატიმრეს. ის რუსეთის პირველი მოქალაქე იყო, რომელიც ახალი რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ დააპატიმრეს. კანონი ითვალისწინებს პატიმრობას თუ უკრაინაში ომის შესახებ პირი ან კომპანია გაავრცელებს კრემლის მონაცემებთან შეუსაბამო ინფორმაციას.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ მიღებული კანონი განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება.
Facebook Forum