ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ მედვედჩუკის ცოლს აქტივები გაუყინა


უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის ცოლის - ოქსანა მარჩენკოს კუთვნილი ფინანსური აქტივები გაიყინა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 25 აპრილს განაცხადა, რომ დაახლოებით 27 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები მარჩენკოს მიერ იმ 13.7 %-იან წილს უკავშირდება, რომელსაც ოლიგარქის ცოლი ზაპორიჟიის ფეროშენადნობთა ქარხანაში ფლობს, ეს ევროპაში ყველაზე დიდი მეტალურგიული ობიექტია.

"ყველა აქტივის გაყინვის შედეგად აღარ იქნება შესაძლებელი მათი სხვა, ყალბ სახელებზე გადარეგისტრირება, ეს კი საშუალებას მოგვცემს, ისინი ჩვენი სახელმწიფოს საჭიროებებს მოვახმაროთ", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

ამ გადაწყვეტილებამდე, უკრაინის სასამართლომ მარჩენკოს მის საკუთრებაში არსებული ქონება - დაახლოებით 162 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა ან ჩამოართვა. 12 აპრილს კი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარჩენკოზე ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ისეთი ფინანსური ოპერაციების ჩატარება ედება, რასაც შედეგად უკრაინაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და სახელმწიფო საზღვრების ცვლილება უნდა მოჰყოლოდა.

მარჩენკოს მეუღლე, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელი პოლიტიკოსი და გავრცელებული ცნობებით, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილის ნათლიაა. ის უკრაინაში ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე იყო, რომლის ქონებაც ასეულობით მილიონს აჭარბებს. მათ შორისაა ენერგეტიკასთან დაკავშირებული აქტივები რუსეთში. უკრაინამ მედვედჩუკს 2021 წლის თებერვალში სანქციები დაუწესა და მისი კუთვნილი ტელეარხები რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო დაბლოკა. უკაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე მედვედჩუკმა შინაპატიმრობა დაარღვია და გაიქცა, თუმცა ოლიგარქი, რომელიც რუსეთში გაქცევას ცდილობდა, აპრილში ისევ დააპატიმრეს. ივნისში უკრაინამ მედვედჩუკის პარტია - პრო-რუსული "სიცოცხლის მხარდამჭერი პლატფორმა" აკრძალა. სექტემბერში კი 68 წლის პოლიტიკოსი პატიმართა გაცვლის ფარგლებში რუსულ მხარეს გადასცეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მედვედჩუკს და კიდევ სამ პრო-რუს უკრაინელ პოლიტიკოსს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG