23 ოქტომბერს, ისრაელმა ბლოკირებულ ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშები გააგრძელა. პარალელურად, პალესტინელთა ანკლავში მოწყობილი რეიდების დროს, ისრაელის ჯარისკაცებს და "ჰამასის" მებრძოლებს შორის უშუალო დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.
ღაზის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 436 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა მჭიდროდ დასახლებული სექტორის სამხრეთით ცხოვრობდა.
ასევე ნახეთ: ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, ისრაელმა ღაზაზე ინტენსიური საჰაერო იერიშები განაახლამას შემდეგ, რაც ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას 1400-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მინიმუმ 5 087 პალესტინელი დაიღუპა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განახლებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მათ შორის 2 055 ბავშვია.
თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, ადგილი ჰქონდა სახმელეთო შეტაკებებს პალესტინელებს და ისრაელის ძალებს შორის. ინფორმაციას ადასტურებს როგორც ისრაელის, ისე პალესტინელთა ოფიციალური წყაროები.
ასევე ვრცელდება ცნობები, რომ წინა ღამით, ისრაელის თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანსაც შეუტიეს. დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია იქნება რეგიონში კონფლიქტის გაფართოების ნიშანი.
ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ინტენსიური დაბომბვა 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ დაწყებულმა მოულოდნელმა თავდასხმამ განაპირობა. პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება თავს დაესხა ისრაელის საზღვრისპირა დასახლებებს. მათ მოკლეს დაახლოებით 1 400 ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. მძევლების უმეტესი ნაწილი "ჰამასს" ჯერ არ გაუთავისუფლებია.
ჰუმანიტარული ვითარება
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყურადღებას ღაზის სექტორში შექმნილ მწვავე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ამახვილებს. გაეროს განცხადებით, ინტენსიური საჰაერო დაბომბვების ქვეშ მყოფ სასოწარკვეთილ მშვიდობიან მოსახლეობას ეწურება საკვების, წყლის და მედიკამეტების მარაგი.
მართალია, დახმარების პირველმა კოლონამ სექტორში შეაღწია, მაგრამ ეს ადგილზე რეალური საჭიროების მხოლოდ მინიმუმი იყო. ამასთან, ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" მიერ კონტროლირებულ ანკლავში თავშესაფრების რაოდენობაც თანდათან მცირდება.
გასული კვირის მიწურულს, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ეგვიპტეში, ქაიროში იმყოფებოდა. მისი თქმით, შეზღუდული ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მცხოვრები პალეტინელებისთვის საკმარისი არ არის და დახმარება რეგულარულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს. გუტერეშმა ამ პრობლემაზე ქაიროდან ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ისაუბრა.
ასევე ნახეთ: გუტერეში ამბობს, რომ ღაზის დახმარება უნდა გაგრძელდეს