ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, ისრაელმა ღაზაზე ინტენსიური საჰაერო იერიშები განაახლა


ისრაელმა 19 ოქტომბერს ღაზის სექტორზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ, რაც ქვეყანა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დატოვა, თელ-ავივში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გაემგზავრა.

ბოლო კვირის თავდასხმების შემდეგ, პალესტინელების ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 3 400-ს აღემატება. რეგიონში ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს, პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელის სამხრეთში შეიჭრა და 1400-ზე მეტი ადამიანი მოკლა.

„თქვენ განიცადეთ ენით აუწერელი, შემზარავი ტერორისტული აქტი და მინდა იცოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო და მე თქვენს გვერდით ვართ“ - ასეთი იყო სუნაკის მხარდაჭერის გზავნილი ისრაელის მოსახლეობის მიმართ.

ერთი დღით ადრე, ბაიდენმა თელ-ავივში მისი ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მას გულწრფელი დისკუსია ჰქონდა ისრაელის ლიდერებთან. "ძალიან მკაფიოდ ვთქვი ისრაელელებთან", იმის მიუხედავად, რომ ისრაელი მსხვერპლია და ძალზე დიდი ზარალი განიცადა, ქვეყანას ახლა აქვს საშუალება, რომ "ტანჯვა შეუმსუბუქოს" ღაზის უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც "გასაქცევი არსად აქვს". ისრაელი სწორედ ასე უნდა მოიქცეს, უთხრა ბაიდენმა თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ეგვიპტე თანახმაა, რომ ღაზასთან საზღვარი გახსნას და იქ გაეროს ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას. პირველ ეტაპზე 20 სატვირთო მანქანის კოლონას გაატარებენ, შემდეგ კი დამატებით კიდევ რამდენიმე ათეულს.

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ამერიკა პალესტინელებს 100 მილიონი დოლარით დაეხმარება. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი თანდათან ღრმავდება. ისრაელი დახმარების მიწოდებას ბლოკავს და სექტორში ყველაზე აუცილებელ, პირველადი საჭიროების დახმარებასაც არ ატარებს.

ბაიდენმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების ჯარისკაცები ისრაელს დაეხმარებიან, თუკი დაპირისპირებაში ლიბანში დაფუძნებული დაჯგუფება, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლა" ჩაერთვება. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, დეტალურად განიხილა ისრაელის მიერ დასახული გეგმა "ჰამასის" განადგურების თაობაზე. თუმცა, დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან ბაიდენმა თავი შეიკავა.

დღეს საღამოს, ბაიდენი ერისადმი მიმართვის გაკეთებას გეგმავს. თეთრი სახლის თქმით, პრეზიდენტი ისაუბრებს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე და ასევე ყურადღებას გაამახვილებს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რომელიც რუსეთის თავდასხმასთან გამკლავებას ცდილობს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG