ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ისრაელიდან: როგორც ჩანს, საავადმყოფოს აფეთქება "სხვა გუნდმა" გამოიწვია


ისრაელის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა. თელ-ავივი, ისრაელი. 18 ოქტომბერი, 2023 წ.
ისრაელის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა. თელ-ავივი, ისრაელი. 18 ოქტომბერი, 2023 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 18 ოქტომბერს, ისრაელში ჩავიდა. ჯო ბაიდენმა პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასთან" ბრძოლაში, ისრაელს სოლიდარობა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ღაზის სამოქალაქო საავადმყოფოს აფეთქება, რომელსაც ბევრი პალესტინელი ემსხვერპლა, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო არა ისრაელის, არამედ მისი მტრების მოქმედებით. ერთი დღით ადრე, სამშაბათს საღამოს, ღაზაში საავადმყოფო დაიბომბა, სადაც ღაზის ადგილობრივი მთავრობის თქმით, 500-ზე მეტი პაციენტი და დევნილი დაიღუპა.

ისრაელმა განაცხადა, რომ აფეთქება სამხედრო დაჯგუფება "პალესტინის ისლამური ჯიჰადის" გამო მოხდა და მათ მიერ რაკეტის წარუმატებლად გაშვებამ გამოიწვია. დაჯგუფება, თავის მხრივ, ისრაელის ბრალდებას უარყოფს.

მომხდარმა ინციდენტმა თეთრი სახლის გეგმებს ძირი გამოუთხარა. პრეზიდენტ ბაიდენს ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლა სურდა და მოლაპარაკებები უნდა გაემართა არაბ ლიდერებთან. მაგრამ, საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, იორდანიამ გააუქმა ბაიდენის მარშრუტის მეორე ნაწილი: დაგეგმილი სამიტი ამანში იორდანიის, ეგვიპტისა და პალესტინელთა ხელისუფლების ლიდერებთან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გვერდით მდგარმა პრეზიდენტმა ბაიდენმა მომხდართან დაკავშირებით განაცხადა: „ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვიყავი გუშინ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო, და იმაზე დაფუძნებით, რაც მე ვნახე, როგორც ჩანს, ეს არა თქვენ, არამედ სხვა გუნდმა ჩაიდინა".

”თუმცა, ბევრი ადამიანია, ვინც არ არის [ამაში] დარწმუნებული. ასე რომ, ჩვენ ბევრი, ბევრი რამის დაძლევა მოგვიწევს”, დასძინა ბაიდენმა. მისი თქმით, მოვლენებს მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს. "ისრაელს შეერთებული შტატების და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მსგავსი ფასეულობები აქვს და მათ მომავალ ქმედებებს გულისყურით ადევნებენ თვალს".

ბაიდენის ახლო აღმოსავლეთის ვიზიტები რეგიონის დასამშვიდებლად იყო გამიზნული, იმის მიუხედავად, რომ თეთრმა სახლმა თავის მოკავშირე ისრაელს მხარდაჭერა მაშინვე გამოუცხადა, როგორც კი ისრაელზე პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმის შესახებ შეიტყო. ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს "ჰამასს", რომლის მებრძოლთა თავდასხმას 7 ოქტომბერს 1 400 ისრაელელი შეეწირა და ღაზის სექტორის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს „ცალსახა მხარდაჭერისთვის“. ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა კი მას უთხრა: „დაგლოცოთ უფალმა ისრაელის ერის დაცვისთვის“. ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები „გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას, ისრაელელი ხალხის დაცვის საქმეში“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG