ლიბანის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ისრაელის ორდღიანი საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 558 ადამიანი დაიღუპა.
სამშაბათს, ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე, რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელი განცხადებით, იერიშეი მიიტანეს „ჰეზბოლას“ ათობით სამიზნეზე, მათ შორის მებრძოლებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდნენ.
ასევე ნახეთ: ისრაელის იერიშის შედეგად, მოკლულია "ჰეზბოლას" მეთაური იბრაჰიმ აქილი„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელზე მისი სარაკეტო თავდასხმები, სამხედრო ბაზებს მოიცავდა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელმა, სამშაბათს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლიბანში ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა და რომ ეს რაოდენობა გაიზრდება. სპიკერმა, მეთიუ სოლტმარშმა, სიტუაციას "უკიდურესად საგანგაშო" უწოდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა, რეგიონში გავლენის მქონე პირებს მოუწოდა „ყველაფერი გაეკეთებინათ საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემის უზრუნველსაყოფად“, განუცხადა ჟურნალისტებს ტურკის წარმომადგენელმა რავინა შამდასანმა.
”ომის მეთოდები და საშუალებები, რომლებიც გამოიყენება, ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს”, - თქვა შამდასანმა.
ისრაელის თავდასხმები ორშაბათს დაიწყო, როგორც სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში, თავდასხმები 1300-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა.
ლიბანის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ორშაბათს ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 500 იყო, 1600-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა შორის 35 ბავშვი და 58 ქალია.
ისრაელის სამხედროებმა გააფრთხილეს ლიბანის აღმოსავლეთით ბექაას ველის მოსახლეობა, თავი შეიკავონ „ჰეზბოლას“ შეიარაღების საწყობებთან გადაადგილებისგან.
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ორშაბათს გვიან საღამოს, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მოუწოდეს „შეწყდეს მიმდინარე დესტრუქციული ციკლი.“
ასევე ნახეთ: “ჰეზბოლა“ ლიბანში პეიჯერების სასიკვდილო აფეთქებებზე შურისძიების პირობას დებს„მოქმედებები და კონტრრეაქციები საფრთხეს უქმნის ძალადობის ამ სახიფათო სპირალის გადიდებას და მთელ ახლო აღმოსავლეთს უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში წარმოუდგენელი შედეგებით ჩათრევას“, - განაცხადეს მინისტრებმა.
ისრაელი და „ჰეზბოლა“ ერთმანეთს თავს უკვე არაერთხელ დაესხა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ღაზაში ისრაელის საპასუხო ომი დაიწყო. ისრაელისა და „ჰეზბოლას“ დაპირისპირების შედეგად, ისრაელში ათობით, ლიბანში კი ასობით ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, - საზღვრის ორივე მხარეს. „ჰეზბოლასაც" და „ჰამასსაც“ მხარს ირანი უჭერს.
ღაზაში ომი 2023 წლის ოქტომბერში, სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო, რომლის დროსაც პალესტინელმა შეიარაღებულმა მებრძოლებმა მოკლეს დაახლოებით 1200 ადამიანი და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს. მათ ჯერ კიდევ 100-მდე მძევალი ჰყავთ, რომელთა მესამედი სავარაუდოდ გარდაცვლილია. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 41 400-ზე მეტი პალესტინელი, ძირითადად ქალები და ბავშვები, ხოლო ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვში, „ჰამასის“ ათასობით მებრძოლია.
„ჰამასი“ შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და სხვების მიერ, ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული. შეერთებული შტატების მიერ, ტერორისტულ დაჯგუფებადაა ასევე გამოცხადებული „ჰეზბოლაც“.