ღაზის სექტორიდან დაჭრილი ისრაელელი სამხედროს ევაკუაციის ოპერაცია წარუმატებელი იყო და მსხვერპლით დასრულდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ვერტმფრენი ღაზის სექტორში ოპერაციის შესრულების დროს ჩამოვარდა, მასში 9 სამხედრო იმყოფებოდა. 9-დან ორი დაიღუპა, შვიდი კი - დაშავდა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ წინასწარი გამოძიებით ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი არ იყო, მომხდარზე გამოძიება კი გრძელდება.
ისრაელი ღაზის სექტორში ომს და დასავლეთ სანაპიროზე ანტიტერორისტულ ოპერაციას აგრძელებს. ოთხშაბათს ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ქალაქ ტუბასზე, რომელსაც სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ პალესტინელთა საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. ისრაელი ამბობს, რომ საჰაერო იერიშების მთავარი სამიზნე, ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფარი იყო.
"წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების" ინფორმაციით ისრაელის სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე სასწრაფო დახმარების ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც რეგიონებიდან, სადაც რთული ვითარებაა, ადამიანების, მათ შორის ბავშვების ევაკუაციას ცდილობდნენ.
ისრაელმა იერიშები მიიტანა ლიბანშიც "ჰეზბოლას" სამიზნეებზეც, მათ შორის ლიბანის სამხრეთში სარაკეტო სადგურები და სამხედრო ობიექტები იყო.
ამერიკის მოქალაქის მკვლელობა
დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე ამერიკის მოქალაქის მკვლელობის გამო ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს აფრთხილებს და მოუწოდებს დროულად და დეტალურად მოხდეს საქმის გამოძიება. აისენურ ეიგს, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა თავში ესროლეს. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ისრაელმა ეიგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო.
„მე გავაგრძელებ პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელიც აკისრებს ყველა ექსტრემისტს - ისრაელელს თუ პალესტინელს - პასუხისმგებლობას ძალადობის გამწვავებისა და მშვიდობის დამაბრკოლებლად“,- თქვა ჯო ბაიდენმა.
ეიგის მკვლელობის შესახებ განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც. ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკის მოქალაქის მკვლელობა „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ იყო.
„არავინ, არავინ უნდა დახვრიტონ და მოკლან საპროტესტო აქციაზე დასწრების გამო. არავის არ უნდა დაემუქროს საფრთხე საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვისთვის,“- ამბობს ბლინკენი.
ამერიკის მოქალაქის მკვლელობის საქმეის შესახებ ისრაელელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა ამერიკის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინიც.
Facebook Forum