გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა ორშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში ომის დასრულება და "სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის თავიდან აცილება აბსოლუტური და გადაუდებელი პრიორიტეტია“.
”ჩვენ ვიცით, რომ ომები მომავალ თაობებზეც გადადის, რაც ხელს უწყობს სიძულვილის განმეორებით ციკლებს, თუ მათ მიზეზებს ყურადღების მიღმა დავტოვებთ. სამწუხაროდ, ღაზის ომი ამის მთავარი მაგალითია”, - თქვა ტურკმა ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე.
ტურკმა ხაზგასმით ისაუბრა ისრაელზე "ჰამასის" "საშინელ" თავდასხმაზე, 1,9 მილიონი ღაზელის იძულებით გადაადგილებაზე, ღაზაში მძევლად მყოფ 101 ისრაელელზე და მდინარე იორდაის დასავლეთ სანაპიროზე "სასიკვდილო და დესტრუქციულ ოპერაციებზე", რომლებიც მისი თქმით, "კატასტროფულ მდგომარეობას აუარესებს".
ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ღამით განხორციელდა თავდასხმები შენობებზე და სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" მებრძოლების მიერ გამოყენებულ ობიექტებზე. ამან შეშფოთება გამოიწვია ფართო რეგიონული კონფლიქტის გამწავების შესახებ.
მეზობელ სირიაში, სახელმწიფო მედიამ ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები მიზნად ისახავს სამხედრო ობიექტებს ცენტრალურ სირიაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ომს ღაზაში, "ჰამასის" წინააღმდეგ.
ისრაელმა ომი გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის პასუხად. „ჰამასმა“ თავდასხმის დროს 1 200 ისრაელელი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა. ნოემბერში, ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, 100-ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მძევალთა დაახლოებით მესამედი მოკლულია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო ომის შედეგად, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენი მეომარია და რამდენი - მშვიდობიანი მოქლაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.