ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ძალებმა ქალაქი ჯენინი დატოვა


პარასკევს, ისრაელის ძალებმა, ოკუპირებული მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსაფრთხოების ოპერაციის შემდეგ, პალესტინური ქალაქი ჯენინი დატოვა.

ცხრადღიანი ოპერაციის დროს, ათასობით ადგილობრივი მოსახლე იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ოპერაციის მიმდინარეობისას, ისრაელის ჯარები შეტაკებებს აწარმოებდა პალესტინელთა მებრძოლ ჯგუფებთან, მათ შორის, „ჰამასის“, „ისლამური ჯიჰადისა“ და „ფატაჰის“ წარმომადგენლებთან.

„როცა ისინი [ისრაელის ძალები] შემოვიდნენ, ბულდოზერების გამოყენებით ყველაფრის განადგურება დაიწყეს - არაფერი დატოვეს“, - ამბობს საინორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ჯენინის მცხოვრები, სამჰერ აბუ ნასა.

დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ჯენინი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პალესტინური შეიარაღებული ჯგუფების საყრდენი იყო. ისრაელის ძალებმა განაცხადეს, რომ ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების განადგურებას, რომლებიც ისარელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, ოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულია 14 მებრძოლი, მათ შორის, ჯენინში „ჰამასის“ ადგილობრივი მეთაური. ისრაელის ძალებმა, ასევე დააკავა 30 ეჭვმიტანილი და ამოიღო იქ შენახული შეიარაღება.

„როიტერის“ ცნობით, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში ისრაელის ამ ოპერაციის შედეგად, ჯამში 21 ადამიანია ლიკვიდირებული, რომელთაგან ბევრი შეიარაღებული დაჯგუფებების წევრი იყო, თუმცა მსხვერპლთა შორის ასევე არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ოპერაციის დროს, 16 წლის გოგონა სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.

ისრაელმა ომი გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის პასუხად. „ჰამასმა“ თავდასხმის დროს 1 200 ისრაელელი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა. ნოემბერში, ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, 100-ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მძევალთა დაახლოებით მესამედი მოკლულია.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო ომის შედეგად, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 40 000-ს გადააჭარბა. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენი მეომარია და რამდენი - მშვიდობიანი მოქლაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG