ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ჰეზბოლა“ ლიბანში პეიჯერების სასიკვდილო აფეთქებებზე შურისძიების პირობას დებს


„ჰეზბოლა“ და ლიბანის მთავრობა, დაჯგუფების მიერ გამოყენებული პეიჯერების აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს. პეიჯერების აფეთქების შედეგად, სამშაბათს, ლიბანში, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. 2 800-მდე კი დაშავდა.

ლიბანურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში „ჰამასის“ მებრძოლთა დასახმარებლად, ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. დაჯგუფების განცხადებით, ისრაელი „მკაცრ სასჯელს“ უნდა ელოდოს.

კაიროში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის ცნობილი არ იყო და არც ჩართული იყო პეიჯერების აფეთქების ინციდენტში. ამასთან, მან შეშფოთება გამოთქვა რეგიონული ესკალაციის შესახებ.

„ჩვენი მკაფიონი ვართ იმის ხაზგასმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი აარიდოს ნაბიჯებს, რამაც შესაძლოა კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს“, - თქვა ბლინკენმა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მომხდარ ინციდენტზე ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. ლიბანში პეიჯერების აფეთქებას წინ უსწრებდა ისარელის მთავრობის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ღაზის სექტორში „ჰამასის“ მებრძოლების წინააღმდეგ ომის გაფართოების მიზნებზე, ასევე „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმებისგან ჩრდილოეთ ისრაელის დაცვაზე.

არსებობს ვარაუდი, რომ პეიჯერებში, რომელსაც „ჰეზბოლა“ იყენებდა, მცირე რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო მოთავსებული და ეს დამატება იქამდე მოხდა, ვიდრე პეიჯერებს დაჯგუფება მიიღებდა. „ჰეზბოლა“ პეიჯერების გამოყენებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ლიდერმა ბრძანება გასცა, შეეწყვიტათ მობილური ტელეფონების გამოყენება, რადგან ისრაელის დაზვერვას მათი მონიტორინგი შეეძლო.

უსაფრთხოების ექსპერტებმა ახლო აღმოსავლეთში და შეერთებულ შტატებში ამერიკულ მედიას განუცხადეს, რომ მათ სჯერათ, რომ ისრაელის აგენტებმა როგორღაც შეაყოვნეს პეიჯერების ტვირთი, რათა მოწყობილობებზე ასაფეთქებელი ნივთიერებები მიემაგრებინათ, სანამ ის ლიბანში ჩავიდოდა და „ჰეზბოლას“ გამოიყენებდა.

ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ პეიჯერების აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის იყო ლიბანში ქვეყნის ელჩი მოჯთაბა ამანი.

XS
SM
MD
LG