ღაზის სექტორზე საპასუხო სამხედრო იერიშის დაწყების შემდეგ, ბოლო 24 საათი ისრაელისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. 13 დეკემბრის განცხადების თანახმად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განცდილი დანაკარგები გამორჩეულად დიდი იყო.
ისრაელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის ორი ოფიცერია, ერთი - პოლკოვნიკი, რომელიც ერთ-ერთ მოწინავე ბაზას მეთაურობდა და მეორე - ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, რომელიც პოლკს ედგა სათავეში. ეს იყო ერთი დღის ყველაზე მძიმე დანაკარგი მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბერს ისრაელში 15 მებრძოლი დაიღუპა.
ამას გარდა, ისრაელი მზარდი დიპლომატიური იზოლაციის წინაშეცაა. ღაზის სექტორზე მასშტაბური თავდასხმების შედეგად, მატულობს მსხვერპლი პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაში. ჰუმანიტარული კრიზისიც ანკლავში კიდევ უფრო გაღრმავდა.
ასევე ნახეთ: ისრაელი ღაზის სამხრეთზე შეტევას აგრძელებსღაზის ჩრდილოეთით და სამხრეთით ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა. ერთი დღით ადრე, ჰუმანიტარული პაუზის მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა მოითხოვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის "განურჩეველი" დაბომბვა ისრაელს საერთაშორისო მხარდაჭერის ფასად უჯდება.
ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, რომელთაც "ჰამასი" აკონტროლებს, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე, პალესტინელებს შორის დაღუპულთა რიცხვი 18 608-ს აღწევს. დაშავებულების რაოდენობა კი 50 594-ს აჭარბებს. ათასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ეჭვობენ, რომ ისინი ნანგრევებში არიან მოყოლილები და ბევრგან სასწრაფო დახმარების მანქანები ვერც მიდის.
ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია "ჰამასის" თავდასხმის პასუხად დაიწყო და დაჯგუფებას ომი გამოუცხადა. 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელში სულ ცოტა, 1 200 ადამიანი შეეწირა, ძირითადად - მშვიდობიანი მოსახლეობა. იმ დღეს ისლამისტურმა დაჯგუფებამ ისრაელიდან 200-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ მძევლად რჩება. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.