ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ - „ჰამასის“ ომი - მხარეები ზავის გასაგრძელებლად მუშაობენ


ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის ზავის კიდევ ერთი ვადით გასახანგრძლივებლად, შუამავლები აქტიურად მუშაობენ. შეთანხმების მიღწევამდე რამდენიმე საათი რჩება. თუ მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდება, ექვსდღიანი პაუზის შემდეგ, ბრძოლა გაგრძელდება.

ოთხშაბათს, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებს, იმ პირთა გვარები აცნობეს, რომლებიც დღის მეორე ნახევარში უნდა გათავისუფლდნენ. მოქმედი ზავის ფარგლებში, ეს იქნება გათავისუფლებული მძევლების ბოლო ჯგუფი, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

თავის მხრივ, დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელებმა, იმ 15 ქალისა და ამდენივე მოზარდის სახელები გამოაქვეყნეს, რომლებიც ისრაელელი მძევლების სანაცლოდ, ისრაელის ციხეებიდან უნდა გათავისუფლდნენ.

პალესტინელთა წარმომადგენელი, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზავის გაგრძელების თაობაზე ორივე მხარის მზადყოფნის მიუხედავად, შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. მისივე თქმით, პროცესში შუამავლებად ეგვიპტე და კატარია ჩართული.

ისრაელის მთავრობის სპიკერმა, ეილონ ლევიმ განაცხადა, რომ ისრაელი ნებისმიერ "სერიოზულ წინადადებას" განიხილავს. მთავრობის სპიკერმა, დამატებით დეტალებზე საუბარზე უარი განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები გამოვიყვანოთ. არაფერია დანამდვილებით ცნობილი, ვიდრე დადასტურებული არ არის. მიმდინარეობს ძალიან სენსიტიური მოლაპარაკებები, სადაც საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე“, - განაცხადა ლევიმ.

მისი თქმით, მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ბრძოლა განახლდება. „ეს ომი, „ჰამასის“ დამთავრებით დასრულდება“, - თქვა მან.

აქამდე, „ჰამასმა“ 60 ისრაელელი ქალი და ბავშვი გაათავისუფლა იმ 240 მძევლიდან, რომლებიც 7 ოქტომბერს, ისრაელში შეჭრის დროს აიყვანეს. მაშინ, ათობით ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1997 წლიდან, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ მებრძოლებმა 1400-მდე ადამიანი მოკლეს, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები.

ომის პირველი ზავის განმავლობაში, „ჰამასმა“ ასევე გაათავისუფლა 21 უცხოელი, მეტწილად ტაილანდელი ფერმერები. ცალკეული გარიგებებით, ასევე გათავისუფლდა რამდენიმე სხვა პირიც. სანაცვლოდ, ისრაელმა, საკუთარი ციხეებიდან 180 პალესტინელი ქალი და მოზარდი გაათავისუფლა.

თავდაპირველი შეთანხმებით დადებული ოთხდღიანი ზავი სამშაბათს 48 საათით გახანგრძლივდა. ისრაელმა განაცხადა, რომ მზადაა ზავი კიდევ გაახანგრძლივოს იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ დღეში სულ მცირე 10 მძევალს გაათავისუფლებს.

XS
SM
MD
LG