ისრაელის თავდაცვამ 28 სექტემბერს განაცხადა, რომ წინა საღამოს, ლიბანზე მიტანილი საჰაერო იერიშის დროს, მოკლა დაჯგუფება "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა. ისრაელის სამიზნე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დაჯგუფების მთავარი ოფისი იყო.
განცხადების მიხედვით, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს, მათ ჰქონდათ "დაზვერვის ზუსტი" ინფორმაცია, რომ იმ მომენტში "ჰეზბოლას" ოფისში, რომელიც ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს, დაჯგუფების მართვის მთავარი ბირთვი იმყოფებოდა.
"ჰეზბოლამ" დღეს დაადასტურა, რომ ნასრალა მართლაც მოკლულია. დაჯგუფება განცხადებაში ამბობს, რომ პალესტინელთა მხარდაჭერის მიზნით, "მტრის წინააღმდეგ წმინდა ომს" გააგრძელებს. ჰასან ნასრალა ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე მეთაურობდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ თავიდან მხოლოდ ის თქვა, რომ პარასკევს, 27 სექტემბრის საღამოს მომხდარ აფეთქებაში 6 ადამიანი დაიღუპა და 91 დაშავდა. ლიბანის ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს შენობის ნანგრევები და იქიდან ამოსული ძლიერი კვამლი.
ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ ესმოდათ თვითმფრინავების ზუზუნი და გაიგეს 10-ზე მეტი აფეთქების ხმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დაეტოვებინათ მიმდებარე ტერიტორია, რაც ათასობით ადამიანმა გააკეთა.
ისრაელი აცხადებს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ "ჰეზბოლას" დაჯგუფება იყო, რომელზეც სარაკეტო იერიშები მიიტანეს. ცოტა ხნით ადრე, "ჰეზბოლა" თავად დაესხა თავს ისრაელს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან მოხდა. იერიშის გამო, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო რეიდების სიგნალები ჩაირთო.
შეერთებული შტატების განცხადებით, ამერიკა აღნიშნულ იერიშში ჩართული არ ყოფილა. ისრაელის წყაროები იუწყებიან, რომ მათ ბეირუთზე თავდასხმამდე სულ რამდენიმე წუთის წინ, საკუთარი გეგმის თაობაზე პენტაგონსაც შეატყობინეს. მაგრამ, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ამერიკა მომხდარზე არც წინასწარ გაუფრთხილებიათ და ის არანაირი სახით არ ყოფილა ჩართული ბეირუთის ოპერაციაში.
Your browser doesn’t support HTML5