ისრაელი ქალაქ რაფაში წინ მიიწევს

ხედი პალესტინელთა ქალაქ რაფაზე, ღაზის სექტორის სამხრეთში. 13 მაისი, 2024 წ.

13 მაისს, ისრაელის ძალები აგრძელებდა "ჰამასთან" ბრძოლას, როგორც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, ისე მის სამხრეთ ნაწილშიც. ისრაელის ჯარები კიდევ უფრო დაწინაურდა სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაში.

თვითმხილველები, რაფაში, ისრაელის გაზრდილ საჰაერო და სახმელეთო იერიშებზე იუწყებიან. ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, რაფაში სამედიცინო მომსახურება სრული კოლაფსის წინაშეა. უწყების განცხადებით, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, მათ არ ყოფნით საწვავი, რომელიც აუცილებელია საავადმყოფოთა გენერატორებისთვის და სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის.

ასევე ნახეთ: ისრაელის ძალებმა ღაზაში რაფას სასაზღვრო პუნქტი დაიკავეს

რთული ვითარებაა ღაზის სექტორის ჩრდილოეთშიც, სადაც განახლდა შეტაკებები ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში. ისრაელის ძალების განცხადებით, ეს "ჰამასის" მებრძოლთა გადაჯგუფების მცდელობის გამო მოხდა.

12 მაისს, საღამოს, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელს სატელეფონო საუბარში გააცნო ამერიკის კრიტიკული პოზიცია, რაფაში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა ეწინააღმდეგება "რაფაში განხორციელებულ სამხედრო სახმელეთო ოპერაციას“ და ამის შესახებ მოახსენა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბლინკენმა იქვე დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულება „ჰამასის დამარცხების საერთო მიზნისადმი“. თუმცა, სახელმწიფო მდივანმა ასევე გაუსვა ხაზი, ღაზის სექტორში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას.