ირანის რამდენიმე ქალაქში 23 სექტემბერს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები დაიწყო. ირანის დიდი ქალაქები, საპროტესტო გამოსვლებმა მას შემდეგ მოიცვა, რაც ახალგაზრდა ქალი, 22 წლის მაჰსი ამინი, მორალის პოლიციის მიერ მისი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის მონაწილეები საპროტესტო აქციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯას ითხოვენ.
ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დემონსტრანტები, ანტისამთავრობო აქციების მონაწილებს, „ისრაელის ჯარისკაცებს“ უწოდებენ. მსვლელობისას კი სკანირებენ - „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“.
ასევე ნახეთ: ირანში დემონსტრაციები გრძელდება, ვაშინგტონი კი თეირანს ახალ სანქციებს უწესებს„ყურანის დამრღვევები, სიკვდილით უნდა დაისაჯონ“ - აცხადებენ პროსახელისუფლებო მხაროს წარმომადგენლები.
მაჰსი ამინი, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა, მორალის პოლიციამ თეირანში, „შეუფერებელი ჩაცმულობის“ გამო დააკავა. მორალის პოლიცია აღასრულებს კანონებს, რომლებიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას, მოკრძალებულად ჩაცმას და მაკიაჟის მინიმუმამდე დაყვანას ავალდებულებს.
სპარსულენოვანი ტელეკომპანია „ირან ინტერნეშენალის” ცნობით, რომელიც ლონდონიდან მაუწყებლობს, ამინის თავის არეში მრვალობითი დაზიანება აღენიშნებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის პოლიციის მიკროავტობუსში სცემეს. ირანის უსაფრთხოების ძალები აცხადებს, რომ ამინი ჰიჯაბის ტარების გაკვეთილზე, რომელზეც მორალის პოლიციამ იძულებით წაიყვანა, გულის შეტევის გამო წაიქცა.
საპროტესტო აქციების მონაწილეებს, მტრებად აცხადებს ირანის არმიაც. „ეს სასოწარკვეთილი ქმედებები, ისლამური რეჟიმის დასუსტების მიზნით, მტრის ბოროტი სტრატეგიის ნაწილია“ - აცხადებს არმია.
ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ისინი დაუპირისპირდებიან „მტრის სხვადასხვა შეთქმულებებს, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება და მშვიდობა იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც უსამართლოდ შეურაცხყოფენ“.
„რელიგიური ღირებულებებისა და რევოლუციის დიდი მიღწევების დამარცხების შესახებ მათი ოცნებები, არასდროს განხორციელდება“ - აცხადებს ირანის დაზვერვის მინისტრი, მაჰმუდ ალავი.
ასევე ნახეთ: ირანში საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლი მოჰყვაირანის სასულიერო ლიდერები შიშობენ, რომ საპროტესტო გამოსვლებმა შესაძლოა იგივე ფორმა მიიღოს, როგორც ეს 2019 წელს, საწვავის ფასების ზრდის დროს მოხდა. 2019 წლის დემონსტრაციები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. „როიტერის“ ცნობით, მაშინ 1500 დემონსტრანტი დაიღუპა.
რაც შეეხება მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, ადგილობრივი მედია, 288 დაკავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ზოგიერთი ცნობით, დაღუპულია მინიმუმ შვიდი ადამიანი.
სოლიდარობის მიზნით საპროტესტო აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში იმართება. როგორც ირანში, ასევე სხვაგან, აქციების მონაწილეები, სოლიდარობის ნიშნად, ჰიჯაბებს წვავენ და თმას იჭრიან.
ასევე ნახეთ: ირანში 2 ლგბტქ აქტივისტ ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს