ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში 2 ლგბტქ აქტივისტ ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს


ლგბტქ თემის მხარდაჭერისთვის, ირანულმა სასამართლომ 2 ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული სააგენტო IRNA იტყობინება, რომ ზაჰრა ჰამადანის და ელჰამ ჩაბარის სიკვდილით დასჯა სასამართლომ დღეს მიუსაჯა. თუმცა, ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ქალებს თავიანთი სასჯელის შესახებ რამდენიმე დღის წინ აცნობეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა ქალები „ჰომოსექსუალიზმის, აზარტული თამაშების, თაღლითობის, უკანონო სექსუალური ურთიერთობების ხელშეწყობასა და მათი ინტერნეტში გამოქვეყნებაში“ დაადანაშაულა. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ქალები დამნაშავედ სცნო „დედამიწაზე კორუფციაში“, „ქრისტიანობის ხელშეწყობაში“ და „ისლამური რესპუბლიკის მოწინააღმდეგე მედიასთან ურთიერთობაში“.

არც 31 წლის ჰამადანს და არც მის მხარდამჭერებს არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ ბრალდებებზე. ის ხელისუფლების სამიზნე ლგბტქ უფლებებთან დაკავშირებული საქმიანობის გამო. ჰამადანი ჯერ 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს სოციალურ მედიაში ლგბტქ უფლებების დაცვის გამო, მოგვიანებით კი, ერთი თვის შემდეგ, ქვეყნიდან გასვლის მცდელობისას აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, ქალს ადვოკატთან წვდომა არ ჰქონდა.

ირანში არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია სიკვდილით ისჯება. ამის გამო ლგბტქ თემის წევრებს საკუთარი ორიენტაციის დამალვა, ან ქვეყნიდან გაქცევა უწევთ.

XS
SM
MD
LG