ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აცხადებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავად სალმან რუშდის უნდა დაეკისროს


ორშაბათს, თეირანში საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება ირანს დააბრალოს სალმან რუშდიზე პარასკევს მომხდარი თავდასხმა, რაც მსოფლიოს მუსლიმებზე ცილისწამების შემდეგ მისივე ბრალია.

მწერალი, რომელმაც თავისი ნაშრომით ირანის სასულიერო ხელისუფლება განარისხა, ათწლეულების განმავლობაში სიკვდილის მუქარის ქვეშ ცხოვრობდა. რუშდი ნიუ-იორკის შტატში საჯარო გამოსვლის დროს ცივი იარაღით მრავალჯერადი ჭრილობის მიყენების შემდეგ მკურნალობს.

ეს, პარასკევს მომხდარ თავდასხმაზე, ირანის პირველი ოფიციალური რეაქცია იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ნასერ ქანაანიმ თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება რუშდის მიერ რელიგიის შეურაცხყოფას არ ამართლებს. ზოგიერთ მუსლიმს მიაჩნია, რომ 1988 წელს გამოცემული მისი რომანი: „სატანური ლექსები“ მკრეხელურ პასაჟებს შეიცავს.

მთელ მსოფლიოში, მწერლებმა და პოლიტიკოსებმა რუშდიზე თავდასხმა დაგმეს. მისმა აგენტმა „როიტერს“ უთხრა, რომ რაშდიმ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის ხელის ნერვის დაზიანება, ღვიძლის ჭრილობა და შესაძლოა თვალი დაკარგოს.

ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის პრეს-მდივანმა თქვა, სასაცილოა მინიშნება, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუშდი იყო. პრეს-მდივანმა ჟურნალისტებს უთხრა: „ეს არ იყო მხოლოდ მასზე თავდასხმა, ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა იყო.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას თქვა, რომ ირანის სახელმწიფო ინსტიტუტები რუშდის წინააღმდეგ ძალადობას თაობების განმავლობაში აქეზებდნენ და სახელმწიფო მედია მისი მკვლელობის მცდელობას აღტაცებით შეხვდა.

ეჭვმიტანილმა ჰადი მათარმა ნიუ-ჯერსის ფეარვიუდან, შაბათს, სასამართლოში თავი მკვლელობის მცდელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა. ეს ინფორმაცია „როიტერს“ სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნულმა ადვოკატმა ნათანიელ ბარონემ მიაწოდა.

ფეარვიუს მერმა ალი თეფემ თქვა, რომ მათარის მამა სამხრეთ ლიბანიდანაა. მისი მშობლები აშშ-ში გადმოსახლდნენ, სადაც ეჭვმიტანილი დაიბადა და გაიზარდა. მერმა იქვე დაამატა, რომ ამ ოჯახის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

XS
SM
MD
LG