ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მწერალი სალმან რუშდი კისრის არეში დაჭრეს


ნიუ-იორკში მწერალ სალმან რუშდის თავს დაესხნენ. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მწერალი შემოქმედებითი თავისუფლების თემაზე საჯარო ლექციის წასაკითხად სცენაზე ავიდა. თვითმხილველების ინფორმაციით, რუშდის რამდენიმე ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული და თავდამსხმელი დაკავებულია.

სალმან რუშდი ვერტმფრენით კლინიკაში გადაიყვანეს. ნიუ-იორკის გუბერნატორის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამ დრომდე დაუდგენელია თავდამსხმელის ვინაობა და მისი მოტივი. სალმან რუშდი წარსულში წლების განმავლობაში იმალებოდა, რადგან 1989 წელს, ირანის მაშინდელმა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ხომეინმა მსოფლიოს მუსლიმებს მისი მოკვლისკენ მოუწოდა. ხომეინი თვლიდა, რომ რუშდის მიერ ერთი წლით ადრე გამოქვეყნებული წიგნი "სატანური ლექსები" ღვთის გმობის შემცველი იყო.

აჰმედ სალმან რუშდი, რომელიც თავად ინდური წარმოშობის მუსლიმია, დღეს ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი და ესეისტია. რუშდის პირველი წარმატება უკავშირდება რომანს „შუაღამის შვილები“. ირანში მისი შემოქმედება დღემდე აკრძალულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG