ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა, ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის წევრს ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებს


ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანის ელიტური ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის წარმომადგენელს უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის მკვლელობისთვის შეთქმულების გამო, ბრალი წაუყენა. იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ შეთქმულებაში შაჰრამ ფორსაფი, ასევე ცნობილი როგორც მეჰდი რეზაი იყო ჩართული.

ირანი ბრალდებებს უარყოფს და მათ "სასაცილოსა და უსაფუძვლოს" უწოდებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებით, ირანი მკაცრად აფრთხილებს ყველას, ვინც ირანის მოქალაქეების წინააღმდეგ ბრალდებების საფუძველზე ამა თუ იმ ნაბიჯს გადადგამს.

იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ფორსაფიმ "სცადა გადაეხადა ამერიკაში მყოფი კერძო პირებისთვის 300 000 $ იმისთვის, რომ მათ ჯონ ბოლტონი მოეკლათ" ან ვაშინგტონში ან მერილენდის შტატში.

პროკურორები ამბობენ, რომ ეს თავდასხმა სავარაუდოდ შურისძიების მიზნით იგეგმებოდა და 2020 წლის იანვარში ამერიკის მიერ ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის ელიტური შენაერთის ლიდერის ყასიმ სოლეიმანის მკვლელობას უკავშირდებოდა.

ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობა ამ უკანასკნელის მიერ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის გამო განსაკუთრებით დაძაბულია. ამერიკამ პარტნიორებთან ერთად 2015 წელს მიღწეული შეთანხმება დატოვა კიდეც, რადგან ვაშინგტონის მტკიცებით, თეირანი ვალდებულებებს არ ასრულებდა. ამჟამად შეთანხმების აღდგენასთან დაკავშირებით შეთავაზებები არსებობს, თუმცა თეირანი ამბობს, რომ შეთანხმებას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუკი ამერიკა ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსს ტერორიზმის სპონსორი ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს. ვაშინგტონი ამ მოთხოვნაზე დათანხმებას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG