ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს, 21 სექტემბერი, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს, 21 სექტემბერი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, რუსეთს ჩამოართვან ხმის უფლება საერთაშორისო ინსტიტუტებში და ვეტოს უფლება გაეროს უშიშროების საბჭოში. მისი თქმით, აგრესორები უნდა დაისაჯონ და იზოლაციაში უნდა მოექცნენ.

ზელენსკის ვიდეოჩართვის ფორმით განხორციელებული გამოსვლა, რომელსაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განსაკუთრებით ელოდნენ, დაიწყო რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინაში ომისთვის.

ზელენსკის თქმით, მობილიზაციის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება მოწმობს, რომ მოსკოვი სერიოზულად არ უყურებს ომის დასრულებისთვის მოლაპარაკების გამართვას.

ზელენსკის თქმით, მისი ქვეყანა გაიმარჯვებს რუსეთის შეტევის მოგერიებაში და მისი ძალების განდევნაში. "ჩვენ შეგვიძლია უკრაინის დროშა ჩვენს მთელ ტერიტორიაზე დავაბრუნოთ. ამას იარაღის ძალით შევძლებთ, - თქვა პრეზიდენტმა ასამბლეაზე გამოსვლისას და დასძინა, - თუმცა, საამისოდ დრო გვჭირდება".

უკრაინის ომი მთავარი საკითხია გაეროს ასამბლეაზე, რომელიც იმართება თითქმის შვიდი თვის შემდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან.

XS
SM
MD
LG