ირანი ახალ პრეზიდენტს 28 ივნისს აირჩევს. რამდენიმე დღის წინ ირან-აზერბაიჯანის საზღვართან, ირანის სახელმწიფო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად მასში მყოფი ყველა მგზავრი მათ შორის პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები დაიღუპნენ.
თუმცა არჩევნებამდე ირანი გლოვობს, ქვეყნის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამეინის გადაწყვეტილებით ირანში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული. რაც შეეხება პრეზიდენტის დაკრძალვას, ებრაჰიმ რაისს ოთხშაბათს, 22 მაისს დაკრძალავენ.
არჩევნებამდე, ირანის პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი შეასრულებს, გადაწყვეტილება საზოგადოებას ირანის სულიერმა ლიდერმა გააცნო.
ასევე ნახეთ: კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგებივერტმფრენში ირანის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ახალი საგარეო საქმეთა ალი ბაქერი კანი იქნება, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სამთავრობო ვერტმფრენი სასაზღვრო რეგიონში კვირას ჩამოვარდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის ჩამოვარდა. რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერტმფრენის და მგზავრების ადგილსამყოფელის დადგენას ირანში რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.
თეირანმა სამძებრო სამუშაოებში დახმარება ვაშინგტონსაც სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, თუმცა უწყების პრესსპიკერი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
ვაშინგტონმა ირანს “ოფიციალური სამძიმარიც” გამოუცხადა, თუმცა სახელმწიფო დეპრატამენტში განმარტეს, რომ ვაშინგტონს დაღუპული პრეზიდენტის შესახებ აზრი არ შეუცვლია. მისამძიმრება “იყო ჰუმანური აქტი”, - თქვა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ირანელ ხალხს და მათ ბრძოლას ფუნდამენტური თავისუფლებისთვის.
ირანის პრეზიდენტზე საუბრისას, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ირანის ყოფილ პრეზიდენტს ხელები ადამიანთა სისხლში ჰქონდა გასვრილი.
“ეჭვგარეშეა, ეს იყო ადამიანი რომელსაც ხელებზე ბევრი ადამიანის სისხლი ჰქონდა”, - თქვა კირბიმ.
“ოფიციალური სამძიმარი" გამოაქვეყნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც. მისი თქმით “გულწრფელი სამძიმრის” წერილი დაღუპულთა ოჯახის წევრების მიმართ გავრცელდა.