ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალურმა მოსამართლემ ბაიდენის მიერ მხარდაჭერილი, იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებული წესი დაბლოკა


აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, კვირას, ბაიდენის ადმინისტრაციას დაუბლოკა ახალი წესის სრულად დანერგვა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, იარაღით მოვაჭრეებს ლიცენზიის აღება და იარაღის გამოფენებსა და ონლაინ ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის დროს, მყიდველების ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმება მოთხოვონ.

ქალაქ ამარილოში, შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე მეთიუ კაქსმარიკმა დროებით შეაჩერა ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი ისრაღის და ასაფეთქებელი მასალების სააგენტოს წესის აღსრულება ტეხასში ან იარაღის ფლობის უფლებადამცველი რამდენიმე ჯგუფის წევრების წინააღმდეგ.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს, რომელიც ამ წესს სასამართლოში იცავს, საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" კომენტარის თხოვნაზე, პასუხი ჯერ-ჯერობით არ გაუცია.

ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა მოსამართლე კაქსმარიკმა, თავისი განჩინება, ამ წესის ორშაბათს ამოქმედების წინ გამოსცა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ტეხასის შტატის, იარაღის ფლობის უფლების მომხრეების და რესპუბლიკელების მიერ მართული სამი სხვა შტატის სარჩელის პასუხად მიიღო.

ახალი წესის თანახმად მას, ვინც იარაღს გამოფენებზე, სხვა ღონისძიებებზე ან ინტერნეტის მეშვეობით ყიდის, შეეხება იგივე მოთხოვნა, რომელიც იარაღის მაღაზიებს აკისრია - პოტენციური მყიდველების ბიოგრაფიული მონაცემები შეამოწმოს.

მოსამართლე კაქსმარიკი თავისი განჩინებით დაეთანხმა მოსარჩელეებს, რომ წესის პირობები წინააღმდეგობაში მოდის 2022 წლის ორპარტიულ „უფრო უსაფრთხო თემების აქტის“ ტექსტთან, რომელმაც გააფართოვა იარაღის გამყიდველების კატეგორია, რომელთაც ლიცენზიის მიღება მოეთხოვება.

მოსამართლემ წესი დეფექტურად ჩათვალა, იმის გამო, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც იარაღს პირადი თავდაცვისთვის ყიდულობენ ან ყიდიან, არ ეხება ლიცენზიის მიღების მოთხოვნაზე კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის დაშვება და იგივე მოთხოვნა ვრცელდება, როგორც იმ ადამიანებზე, ვინც იარაღს „პირადი კოლექციისთვის“ ყიდულობს ან ყიდის.

თუმცა, ტეხასისგან განსხვავებით, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ლუიზიანამ, მისისიპიმ და იუტამ, თავისი პოზიცია ვერ დაასაბუთეს და იმ იურისდიქციებში წესის აღსრულების დაბლოკვაზე უარი თქვა. მისი ორდერი ძალაში 2 ივნისამდე, შემდგომ განხილვამდე რჩება.

XS
SM
MD
LG