"ვიკილიქსის" დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს ორშაბათს ნება მისცეს გაასაჩივროს შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია. ასანჟი ლონდონის უმაღლეს სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ამერიკაში გადაყვანისას, შესაძლოა ის ვერ დაეყრდნოს სიტყვისა და გამოხატვის უფლებას ამერიკის სასამართლოში.
ავსტრალიაში დაბადებული 52 წლის ასანჟი, ამერიკაში 18 ბრალდებით იძებნება. თითქმის ყველა მათგანი ჯაშუშობის ბრალდებაა და ყველა მათგანი დაკავშირებულია "ვიკილიქსის" მიერ ამერიკის საიდუმლო დოკუმენტების მასობრივ გავრცელებასთან. ეს ამ ტიპის უსაფრთხოების ყველაზე დიდი დარღვევაა, ამერიკის სამხედრო ისტორიაში.
მარტში, ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ასანჟს დროებითი ნებართვა მისცა გასაჩივრებისთვის იმ მოტივით, რომ ის შესაძლოა დისკრიმინირებული ყოფილიყო, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ორშაბათს გამართული სასამართლო მოსმენის შემდეგ, ორმა მოსამართლემ თქვა, რომ ასანჟის არგუმენტი იმის შესახებ, რომ იგი შესაძლოა ვერ დაეყრდნოს ამერიკის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, სრული გასაჩივრების უფლებას იმსახურებს.
სასამართლოს გარეთ, ასანჟის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, რომლებსაც ხელში პლაკატები ეჭირათ და სკანდირებდნენ სიტყვებს: "გაათავისუფლეთ ჯულიან ასანჟი!".
"როგორც ოჯახს, ახლა შვება გვაქვს, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს?",- თქვა ასანჟის მეუღლემ, სტელამ, რომელიც სასამართლოში ძმასთან და მამასთან ერთად იმყოფებოდა.