კირბი ნატოს სამიტის მოლოდინებზე და უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებაზე საუბრობს

მომავალ კვირას ნატოს სამიტზე, ვაშინგტონი ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის უსაფრთხოების ამჟამინდელ და გრძელვადიან საჭიროებებზე. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმას“ ინტერვიუში უთხრა, რომ ლიეტუვაში 11-12 ივლისს გამართულ სამიტზე აშშ-ს სურს ყურადღება გაამახვილოს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მხარი დაუჭიროს კიევის უშუალო და გრძელვადიან უსაფრთხოების საჭიროებებს. ჯონ კირბის „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქციის ჟურნალისტი იულია იარმოლენკო ესაუბრა.

ინტერვიუს ტრანსკრიპცია რედაქტირებულია სიცხადისთვის.

მინდა დავიწყო სიახლეებით კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ. რამდენად ახლოს არის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებასთან, რომ უკრაინას ასეთი შესაძლებლობები მიწოდოს?

ასევე ნახეთ: რეზნიკოვი: ვილნიუსის სამიტზე მოველით ფორმულას, უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად

ახლა არ მაქვს რაიმე გადაწყვეტილება, რომ მასზე ვისაუბრო. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ, რადგან ჩვენ ვინარჩუნებდით კავშირს უკრაინელებთან მთელი ომის განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ უკრაინისთვის მიწოდებული შესაძლებლობების სახეობები ომის განვითარებასთან ერთად და რამდენადაც იცვლებოდა მათი საჭიროებები და ჩვენი საჭიროებები, გულწრფელად რომ ვთქვათ, ინვენტარიც შეიცვალა. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინელებთან იმ მრავალი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ კონტრშეტევაში და უნდა ვნახოთ როგორ წავა ეს პროცესი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის 500 დღის ნიშნულზე, უკრაინელები უფრო მოწინავე იარაღს ითხოვენ, როგორიცაა ATACMS [არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები], მათ ასევე სურთ მეტი სიცხადე F-16-ებთან დაკავშირებით. ელით თუ არა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას ვილნიუსში ნატოს სამიტზე?

მე არ შევხედავ ნატოს სამიტს, როგორც გარკვეულ სისტემებზე გადაწყვეტილების მიღების ადგილს. ვფიქრობ, რომ ვილნიუსში მოხდება მოკავშირეების შეკრება, რათა ისაუბრონ იმაზე, თუ რა ხდება დღეს ბრძოლის ველზე, რა სჭირდებათ უკრაინელებს კონტრშეტევის დროს, მაგრამ ასევე ვიხილავთ დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებები, თუნდაც ომის შემდგომ. მე არ მინდა ვისაუბრო კონკრეტულ პლატფორმებზე ან სისტემებზე, უბრალოდ, იქნება უფრო ძლიერი დისკუსია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას გრძელვადიანი თავდაცვისთვის.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. იმ ფონზე, როცა იცვლება როგორც ევროპული უსაფრთხოების და ასევე უკრაინის არმიის ნატოსთან თავსებადობის გარემოებები, უჭერს თუ არა მხარს ბაიდენის ადმინისტრაცია სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო მკაფიო მიმართულების განსაზღვრას?

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არის ბრძოლა, რომელშიც ისინი ახლა არიან. ომის შემდგომი უკრაინაზე საუბრისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი იქნება მათი უსაფრთხოების საჭიროებები და რა ვალდებულებები შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს უსაფრთხოების შენარჩუნებაში, რადგან მათ ისევ ექნებათ გრძელი საზღვარი რუსეთთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჯერა ნატოს ღია კარის პოლიტიკის, მაგრამ ასევე ვაღიარებთ, რომ იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს და რომ ეს უნდა იყოს აქტიური დისკუსია ამ ერსა და ალიანსს შორის. ჩვენ გვინდა პატივი ვცეთ ამ პროცესს.

როგორ უზრუნველყოფენ შეერთებულშტატებდა ნატოს მოკავშირეები იმას, რომ არ განმეორდეს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შეცდომები, რაც უკრაინას დატოვებს „რუხ ზონაში“, რამაც შესაძლოა ახალი რუსული აგრესია გამოიწვიოს?

ასევე ნახეთ: უკრაინას ნატოში ალიანსის სამიტზე ოფიციალურად არ მიიწვევენ - სტოლტენბერგი

ვფიქრობ, ძნელია შეხედო რას ვაკეთებთ ბოლო 16 თვის განმავლობაში და თქვა ის, რომ უკრაინელები რაღაც რუხ ზონაში არიან. ვფიქრობ, ბატონ პუტინს ხმამაღლა და ნათლად გაეგზავნა მესიჯი, რომ არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ მთელი მსოფლიო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

სამიტის დროს განსახილველი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა შვედეთის გაწევრიანება ნატოში. ამერიკელი სენატორები [მიჩ] მაკკონელი და [ბობ] მენენდესი ამბობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიჰყიდოს თურქეთს F-16-ები, სანამ ანკარა არ დაასრულებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების ბლოკადას. აქვს თუ არა პრეზიდენტ ბაიდენიმედი, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის წევრობას ამ სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ F-16-ებზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული?

პრეზიდენტი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ შვედეთი ნატოს წევრი გახდება და იქნება ჩვენი 32-ე მოკავშირე. ის მოხარულია, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი გრძელდება. მას ესმის, რომ ორივე მხარე შეშფოთებულია. მაგრამ ის მოხარულია, რომ ისინი საუბრობენ ამ საკითხზე და ამუშავებენ მას და ისევ დავამატებ, რომ ის დარწმუნებულია, რომ შვედეთი გახდება ნატოს წევრი.

ასევე არის ოთხი ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორი, რომლებიც მიწვეული იყვნენ ვილნიუსის სამიტზე. რა სახის გზავნილს უგზავნის ნატო ჩინეთს ამ პარტნიორების მოწვევით?

ეს არ არის ჩინეთისთვის მესიჯის გაგზავნა. ეს ერები უკრაინას უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გზით. მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ალიანსი ბოლო სამიტებზე საუბრობს ევროპის კონტინენტზე არსებულ გამოწვევაზე, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქმნის. ასე რომ, სულაც არ არის უჩვეულო, რომ ალიანსის სამიტზე დისკუსია გაიმართოს ჩინეთზე და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი ევროპის კონტინენტზე აწყდებიან. ამ ქვეყნებს, ამ ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებს, აქვთ ჩინეთთან ურთიერთობის უნიკალური გამოცდილება და შეუძლიათ ამ დისკუსიაში ღირებული პერსპექტივის მოტანა.