ევროკავშირის წევრმა ქვეყნება მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საბრძოლო მასალების წარმოება უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით 545 მილიონი დოალრი გამოიყოფა.
გადაწყვეტილების მიზანია, შეივსოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარაგები და მოხდეს უკრაინის დახმარება შესაბამისი ამუნიციითა და სამხედრო ტექნიკით.
საბრძოლო მასალების წარმოების აქტი, ძირითადად ორიენტირებულია საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების წარმოებაზე. როდის ამოქმედდება მიღწეული შეთანხმება ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
უკვე წელიწადზე მეტია ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები უკრაინას როგორც ერთობლივად ასევე ინდივიდუალურად უწევენ დახმარებას და აწვდიან კიევს როგორც საბრძოლო მასალას, ასევე სამხედრო ტექნიკას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი რამდენიმე ქვეყანამ აღნიშნა, რომ მათ მარაგების კუთხით პრობლემა ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მსჯელობა, რომ გაზრდილიყო დაფინანსება საბრძოლო მასალების წარმოების კუთხით.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახლა, როცა უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო და ტერიტორიების დაბრუნებას იწყებს, მნიშვნელოვანია რომ კიევმა საჭირო ამუნიცია და სამხედრო ტექნიკა დროულად მიიღოს, რათა ერთის მხრივ გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და მეორეს მხრივ დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.
Facebook Forum