სომხეთში მასობრივ საპროტესტო ტალღას და პრემიერ-მინისტრის, სტეფანაკერტელი სერჟ სარქისიანის გადადგომას, დროში დაემთხვა ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ „ვიზიტი“.
დაურ კოვე სეპარატისტული ცხინვალის ლიდერ ანატოლი ბიბილოვთან ერთად, ჯერ ოკუპირებულ ყირიმში, იალტის მეოთხე "ეკონომიკურ ფორუმს“ დაესწრო. 23 აპრილს კი ერევნის გავლით, სტეფანაკერტში ჩავიდა და „არცახის“ „საგარეო მინისტრს“ მასის მაილიანს შეხვდა.
ბოლო შვიდი თვის მანძილზე კოვე უკვე მეორედ ჩადის ყარაბაღში. შარშან სოხუმმა და სტეფანაკერტმა „თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი“ გააფორმეს, ახლა კი „საპატიო კონსულების“ დანიშვნის იდეა განიხილეს. დღეს კი სტეფანაკერტის მემორიალურ კომპლექსში, კოვემ ყარაბაღელ „კოლეგასთან“ ერთად, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგო პატივი.
სტუმრები სოხუმიდან ამჯერად ვერ მიიღო თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ ბაკო სააკიანმა. სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და "ყარაბაღის ლობის" დასუსტების გამო, იგი ერევანში იმყოფება და დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან კარენ კარაპეტიანთან აუდიენცია ჰქონდა.
პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ ყარაბაღის ომში გამარჯვებული სომხეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ორმაგ პოლიტიკას არც ხელისუფლების შესაძლო ცვლილების შემთხვევაში შეცვლის:
ყარაბაღი სომხებისთვის წმინდა საკითხია და ამ საკითხში, რუსეთთან სამხედრო კავშირი მათ მომავალშიც დასჭირდებათ. ამ მიმართულებით, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულებასაც გულისხმობს, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც, პოლიტიკა არ შეიცვლება"გია ნოდია, პოლიტოლოგი
„გამომდინარე იქედან, რომ ყარაბაღი სომხებისთვის წმინდა საკითხია და ამ საკითხში, რუსეთთან სამხედრო კავშირი მათ მომავალშიც დასჭირდებათ, ამ მიმართულებით, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულებასაც გულისხმობს, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც, პოლიტიკა არ შეიცვლება.
სომხეთი მოგეხსენებათ ოფიციალურად ყარაბაღის დამოუკიდებლობასაც არ აღიარებს, მიიჩნევს, რომ მხოლოდ მისი მხრიდან ყარაბაღის აღიარებას აზრი არ აქვს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ყარაბაღს საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს.
თუ ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ, რომ საერთაშორისო თანამეგორობამ, ამერიკამ, ევროკავშირმა აღიარა ყარაბაღის დამოუკიდებლობა, მაშინ შესაძლოა იგივე აქტორებმა აფხაზეთიც აღიარონ და სომხეთმაც აღიაროს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ანუ ამისთვის პრინციპულად, სრულიად სხვა პოლიტიკური ვითარებაა საჭირო.“
სომხეთი იმ სახელმწიფოთა რიცხვში შედის, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს მიერ ინიცირებულ ყოველწლიურ რეზოლუციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ფუნდამენტური უფლების შესახებ, მუდმივად წინააღდეგ აძლევენ ხმას.
ყოველი ასეთი დემარშის შემდეგ ოფიციალური თბილისი ერევნიდან „დიპლომატიური არხებით“ მიღებული ახსნა-განმარტებით კმაყოფილდება. ასე მოხდა 2015 წლის მაისშიც, როცა ოკუპირებულ სტეფანაკერტში, სომხეთის პარლამენტის იმდოინდელი თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი ოკუპირებული ცხინვალის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს პირისპირ შეხვდა. თბილისის პროტესტის შემდეგ ერევანმა მაშინ განმარტა რომ „ეს კერძო ხასიათის შეხვედრა“ იყო.
იგივე განმეორდა 2016 წლის სექტემბერში, ისევ სტეფანაკერტში. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის „სახელმწიფო“ დელეგაციებთან ერთად სუფრაზე ამჯერად სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი აღმოჩნდა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. სარქისიანი მაშინ აფხაზური და აბაზური ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის მრჩეველს ბესლან კობახიასაც ესაუბრა.
სომხეთი ოფიციალურად არ აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (ასევე კოსოვოს) დამოუკიდებლობას, თუმცა მათ აღიარებას განიხილავს, როგორც პრეცედენტს მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური მომავლის პრიზმაში. პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს სტატუს-ქვო მისაღებია, როგორც თბილისისთვის, ისე ერევნისთვის:
სომხეთი არ ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს, რომ თბილისთან მეტ-ნაკლებად კორექტული ურთიერთობა ჰქონდეს. ეს საქართველოსაც ხელს აძლევს. ამიტომ, ამ პრობლემის პედალირებას ორივე მხარე შეგნებულად არ ახდენს"
„სომხეთი არ ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს, რომ საქართველოსთან მეტ-ნაკლებად კორექტული ურთიერთობა ჰქონდეს. მეზობელ სომხეთთან კარგი ურთიერთობა საქართველოსაც ხელს აძლევს. ამიტომ, ამ სერიოზული პრობლემის პედალირებას ორივე მხარე შეგნებულად არ ახდენს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სომხეთი არანაირ პრობლემას არ შეუქმნის მთიან ყარაბაღსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის კონტაქტების დამყარებას.“
ორ ისტორიულ მეზობელს შორის დეკლარირებული „კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობის“ მიუხედავად, საქართველომ 2017 წელს სომხეთი აიძულა შეეცვალა ელჩის კანდიდატურა, რომელსაც ჯავახური წარმოშობა ჰქონდა.
ამ მიზნით, ოფიციალური თბილისი სერგეი მინასიანს აგრემანსა და აკრედიტაციას შვიდი თვის მანძილზე დემონსტარციულად არ აძლევდა. ერევანმა საბოლოოდ მინასიანი ელჩად რუმინეთში გაუშვა, საქართველოში კი რუბენ სადოიანი გამოაგზავნა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში, სომხეთის ელჩის რანგში, პირველი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში ჩავიდა.