ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო იარაღს აჟღარუნებს: რამდენად მოსალოდნელია ახალი ომი ყარაბაღისთვის?


აზერბაიჯანული ავიაგამანადგურებელი MIG-29 წვრთნის დროს
აზერბაიჯანული ავიაგამანადგურებელი MIG-29 წვრთნის დროს

15 000 ჯარისკაცი, 150-ზე მეტი ტანკი და ჯავშანმანქანა, 120-მდე სხვადასხვა კალიბრის სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ნაღმტყორცნები, 30-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი, შვეულმფრენი და სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი.

ასე მასშტაბურად გამოიყურება აზერბაიჯანულ-თურქული საჰაერო-ტაქტიკური სამხედრო წრთნები TurAz Qartalı-2017 ანუ „თურქულ-აზერბაიჯანული არწივი“, რომელმაც გუშინ, მეზობელი ქვეყნის ერთდროულად რამდენიმე სამხედრო პოლიგონზე აიღო სტარტი.

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები წვრთნაში F-16 Fighting Falcon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით, Sikorsky S-70 ტიპის ვერტმფრენებით, C-130 Herkules და CASA CN-235 ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით არის წარმოდგენილი. აზერბაიჯანმა კი სწავლებაში MIG-29, SU-25, MI-35 და MI-17-ები ჩართო.

თურქული F-16 Fighting Falcon-ები აზერბაიჯანში
თურქული F-16 Fighting Falcon-ები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა წვრთნების გახსნაზე, მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სიტყვები გაიმეორა, რომ „აზერბაიჯანი და თურქეთი ეს არის ერთი ერი და ორი სახელმწიფო.“

საზეიმო ცერემონიაში აზერბაიჯანში თურქეთის ელჩი ერქან ოზორალიც მონაწილეობდა, რომელმაც სამხედრო სწავლების დაწყებამდე, აზერბაიჯანის არმიის სიძლიერეს გაუსვა ხაზი:

ყარაბაღის ირგვლივ მოლაპარაკებებმა შედეგი რომ მოიტანოს ყველამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და გონს მოვიდეს. 2016 წლის აპრილის მოვლენებმა აჩვენა, რა შეუძლია აზერბაიჯანის არმიას და ეს ყველამ უნდა დაინახოს“
ერქან ოზორალი, თურქეთის ელჩი აზერბაიჯანში

„ყველაზე დიდ პრობლემად ყარაბაღი რჩება. თურქეთი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.

მაგრამ მოლაპარაკებებმა რომ შედეგი მოიტანოს ყველამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და გონს მოვიდეს. 2016 წლის აპრილის მოვლენებმა აჩვენა რა შეუძლია აზერბაიჯანის არმიას და ეს ყველამ უნდა დაინახოს.“

აზერბაიჯანმა მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე პირველად გამოიყვანა 152 მმ-იანი მოდერნიზებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA-M1M და 122 მმ-იანი, ასევე მოდერნიზებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 Vampir. ეს შეტევითი სამხედრო ტექნიკა ბაქომ უშუალოდ მწარმოებელთან, ჩეხეთში შეიძინა და მათი მოდერნიზაცია 2020 წლის ნაცვლად, 2017 წელს დაასრულა.

აზერბაიჯანის არმიის მოდერნიზებული DANA M1M-ის ბატარეა
აზერბაიჯანის არმიის მოდერნიზებული DANA M1M-ის ბატარეა

ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დროში დაემთხვა „დიპლომატიურ პინგ პონგს“ ყარაბაღის ფრონტზე. ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნალბანდიანმა განაცხადა, რომ ერევანი ბაქოსთვის „მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ყარაბაღს საფრთხეს არ შეუმქნის.“

სომეხი მინისტრის აზრით, თუ აზერბაიჯანი 2016 წლის აპრილის მსგავსს, მსხვილ სამხედრო პროვოკაციაზე ისევ წავა, ეს უკვე ახალი ომია, რომლის მაშინვე შეჩერებაც უკვე შეუძლებელი იქნება და ამ შემთხვევაში, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას დაუყოვნებლივ სცნობს“.

აზერბაიჯანული ტანკები T-90C
აზერბაიჯანული ტანკები T-90C

ასეთი სცენარის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საქართველო ძალიან მძიმე დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს:

თუ ეს ყველაფერი იწვევს, ყარაბაღის ომში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩათრევას, პირველ რიგში რუსეთი და თურქეთის მაშინ საქართველო ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდება“
სერგი კაპანაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი

„თუ ვინიცობაა ისევ მოხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის აქტივიზაცია ანუ ახალი ომი მთიანი ყარაბაღისთვის, რომელშიც ორი ქვეყანა იქნება ჩართული.

ეს ყველაფერი იწვევს, ომში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩათრევას. პირველ რიგში რუსეთის, რომელიც „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (CSTO) წევრია, სომხეთთან ერთად.

და მეორეს მხრივ, NATO-ს წევრი თურქეთის, რომელსაც თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანთან სერიოზული სამხედრო პარტნიორობის ხელშეკრულება აქვს დადებული და არ მალავს, ამ დაპირისპირებაში ვის მხარეს დაიჭერს, თუ სცენარი ასე განვითარდა, მაშინ საქართველო ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდება.“

თურქული Sikorsky S-70 ტიპის ვერტმფრენები აზერბაიჯანის ავიაბაზაზე
თურქული Sikorsky S-70 ტიპის ვერტმფრენები აზერბაიჯანის ავიაბაზაზე

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი მთიან ყარაბაღში, 1992 წლის იანვარში, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო და 1994 წლის მაისამდე, 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სასტიკი სამხედრო დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანმა არა მხოლოდ ყარაბაღზე, არამედ კიდევ შვიდ რაიონზე, მთლიანობაში კი საკუთარი ტერიტორიის 14%-ზე დაკარგა კონტროლი.

საომარ მდგომარეობაში მყოფი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მამედიაროვი და ნალბანდიანი, ამჟამად აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მინსკის ჯგუფს, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობს, ნიუ იორკში, მამედიაროვ-ნალბანდიანის შეხვედრა უკვე შეთანხმებული აქვს.

1994 წლიდან აზერბაიჯანი საკუთარი ტერიტორიის 14%-ს ვერ აკონტროლებს
1994 წლიდან აზერბაიჯანი საკუთარი ტერიტორიის 14%-ს ვერ აკონტროლებს

XS
SM
MD
LG