საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ ადასტურებენ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში, ერთი ერთეული - რუსული წარმოების გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსს - IGLA-ს უკანონო შეტანის შესახებ.
ეს ცნობა სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა 22 მარტს გაავრცელა და ფაქტზე სომხეთის სამი მოქალაქე, მათ შორის, ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ გენერალ-ლეიტენანტი სამველ ბაბაიანი დააკავა.
სომხური გაზეთის „აიკაკან ჟამანაკის“ მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია აუდიო მტკიცებულებები, რომ ბაბაიანი IGLA-ს გამოყენებას, სამთავრობო ვერტმფრენის წინააღმდეგ გეგმავდა და მისი სამინიზნე, სომხეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც შეიძლება ყოფილიყო.
გენერალი ბაბაიანი, 2000 წელს, ყარაბაღის მაშინდელ „პრეზიდენტ“ არკადი გუკასიანზე შეიარაღებული თავდასხმის შეკვეთის გამო უკვე იყო გასამართლებული. მაშინ მას 14 წელი მიუსაჯეს, თუმცა ციხე შეწყალების საფუძველზე, 4 წლისა და 5 თვის შემდეგ დატოვა და მალე საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. რუსეთიდან ერევანში ბაბაიანი 2016 წლის მაისში დაბრუნდა.
თავად სამველ ბაბაიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მომხდარს, წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დაშინების მცდელობად აფასებს.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს არის დანიშნული. დაკავებული ბაბაიანი კი ოპოზიციურ ალიანს „ოჰანიანი-რაფი-ოსკანიანს“ წარმოადგენს. ამ ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოჰანიანი ამბობს:
ჩვენ ბოლომდე დავიცავთ სამველ ბაბაიანის უფლებებს და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას შეკერილი ბრალდებით საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს დაკავება ჩვენი საარჩევნო ბლოკის დასასუსტებლად განხორციელდა“სეირან ოჰანიანი, სომხეთის თადცავის ყოფილი მინისტრი
„ბაბაიანი ჩვენი მებრძოლი და იდეური მეგობარია, თავისი მოღვაწეობის დროს, მან საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად მოგვიტანა გამარჯვება არცახის ომში, რისთვისაც ხალხმა მას არცახის გმირის წოდება მიანიჭა. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას შეკერილი ბრალდებით საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს დაკავება ჩვენი ბლოკის დასასუსტებლად განხორციელდა“
სომეხი პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ბაბაიანის დაკავებაში ცალსახად პოლიტიკური კონტექსტია, რადგან მმართველი - სომხეთის რესპუბლიკური პარტიისთვის, რომელსაც პრეზიდენტი სარქისიანი და პრემიერი კარაპეტიანი წარმოადგენენ, 2 აპრილის არჩევნების წინ, „ოჰანიანი-რაფი-ოსკანიანის“ ბლოკი დიდ თავისტკივილად იქცა. ოპოზიციური ალიანსის დევიზია - „მემკვიდრეობა, ერთობა, გამარჯვება!“.
ბლოკის უდავო ლიდერი გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოჰანიანი 2016 წლის ოქტომბრამდე პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის უახლოესი მოკავშირე იყო. ისიც ყარაბაღის ომის აქტიური მონაწილეა, სადაც ცალი ფეხი დაკარგა. მინიჭებული აქვს „არცახის გმირის“ წოდება. იყო ყარაბაღის არმიის „შტაბის უფროსი“ და „თავდაცვის მინისტრი“, შემდეგ სომხეთის არმიის გენშტაბის უფროსი. 2008-2016 წლებში კი სომხეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
მეორე ლიდერი ამერიკაში დაბადებული რაფი ოვანისიანია, დამოუკიდებელი სომხეთის პირველი საგარეო მინისტრი (1991-92). 2013 წლისს აპრეზიდენტო არჩევნებზე, მან ხმების 36,7% დააგროვა და მხოლოდ გამარჯვებულ სერჟ სარქისიანს (58,6%) ჩამორჩა. სირიაში დაბადებულ, ალიანსის მესამე ლიდერს, ვარდან ოსკანიანს, 10 წლის მანძილზე, 1998-2008 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეჭირა.
სომხური ანალიტიკური ცენტრის „მოდუს ვივენდის“ ხელმძღვანელი არა პაპიანი ამბობს, რომ IGLA-ს „კონტრაბანდაზე“ სამველ ბაბაიანის დაკავებით, ოპოზიციურ ბლოკს „ოჰანიანი-რაფი-ოსკანიანს“ საარჩევნო ხმები, შეიძლება, როგორც მოემატოს, ისე მოაკლდეს.
ლოგიკა გვკარნახოვს, რომ არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი IGLA-ს საქართველოს ტერიტორიის გავლით არ შემოიტანდა. სომხეთში უამრავია ეს იარაღი, იგივე ყარაბაღში გაცილებით ადვილია IGLA-ს ყიდვა, ვიდრე საქართველოში. ვფიქრობ, რომ სომხეთის ხელისუფლებას სურს არჩევნების პერიოდში სამველ ბაბაიანი იზოლაციაში ამყოფოს"არა პაპიანი, ანალიტიკური ცენტრის „მოდუს ვივენდის“ ექსპერტი
„ლოგიკა გვკარნახოვს, რომ არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი IGLA-ს საქართველოს ტერიტორიის გავლით არ შემოიტანდა და ამაზე არ ჩავარდებოდა. სომხეთში უამრავია ეს იარაღი, იგივე ყარაბაღში გაცილებით ადვილია IGLA-ს ყიდვა, ვიდრე საქართველოში.
მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას სურს არჩევნების პერიოდში იზოლაციაში ამყოფოს სამველ ბაბაიანი. ეს ერთის მხრივ გაზრდის საზოგადოების ინტერესს „ოჰანიანი-რაფი-ოსკანიანის“ საარჩევნო ბლოკის მიმართ, თუმცა, ამავე დროს, შეუქმნის ბლოკს პრობლემასაც, ელექტორატში შიშის ატმოსფეროს დანერგვის გამო. “
სომხეთის მომავალ არჩევნებში, ასევე მონაწილეობენ: ეროვნული კონგრესისა და სახალხო პარტიის ერთიანი ბლოკი, რომელსაც სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანი ხელმძღვანელობს;
1890 წელს, ტიფლისში დაარსებული ნაციონალისტური პარტია „დაშნაკცუთიუნი“; ცენტრისტული პარტია „ორინაც ერკირი“ (სომხეთის აღორძინება) პარლამენტის ყოფილი სპიკერის არტურ ბაღდასარიანის ლიდერობით; ბლოკი „ელკ“-ი (გამოსავალი), „თავისუფალი დემოკრატები“, კომუნისტები და სომეხი მილიარდერისა და ოლიგარქის გაგიკ წარუკიანის საარჩევნო ბლოკი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის მოკავშირედ აღიქმება.
2015 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სომხეთი 2 აპრილის შემდეგ მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის. პირველად მეზობელი ქვეყნის ისტორიაში, არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, პარტიებისთვის ბარიერი - 5, ხოლო ბლოკებისთვის - 7%-ით არის განსაზღვრული.
ახალ პარლამენტში, როგორც მინიმუმ - 101 დეპუტატი უნდა იქნას არჩეული, თუ, რომელიმე პარტია გარანტირებულ უმრავლესობას ანუ ხმების 54%-ზე მეტს დააგროვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც პირველ ტურში, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები იბრძოლებენ.
გამარჯვებული პარტია პრემიერ-მინისტრად საკუთარ კანდიდატურას მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს წარუდგენს. 2018 წელს კი პრეზიდენტის შემცვლელს უკვე ახალი პარლამენტი აირჩევს.