საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან: აფხაზეთთან და ცხინვალთან „გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნის შესახებ“ „ხელშეკრულების“ გაფორმების შემდეგ, რუსეთი უახლოეს მომავალში, ანალოგიურ შეთანხმებას სომხეთთანაც გააფორმებს.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დავალებით, საგარეო და თავდაცვის სამინისტროები სომეხ კოლეგებთან ერთად, უკვე მეორე კვირაა მუშაობენ ხელშეკრულების ტექსტზე. პროექტის მიხედვით, გაერთიანებული რუსულ-სომხური ჯარების დაჯგუფება „კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების უზრუვნელყოფის მიზნით იქმნება“.
პროექტში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულება არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ“. თუმცა, სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (AIISA) ექსპერტი რუბენ მეღრაბიანი ფიქრობს, რომ ასეთი დოკუმენტი უფრო შეზღუდავს სომხეთის სუვერენიტეტს, სადაც ბოლო პერიოდში ანტირუსული განწყობები გაზრდილია; კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში და გაართულებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს.
ანალოგიური პოზიცია აქვს ზურაბ აბაშიძესაც, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს.
„ეს ძალიან სერიოზულ რისკებს ქმნის რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამგვარი ნაბიჯების გადადგმა, შეიძლება მეტად სახიფათო აღმოჩნდეს და ძალიან სახიფათო ინციდენტების სერიოზული სპირალი გამოიწვიოს“ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენელი
„ეს ძალიან სერიოზულ რისკებს ქმნის რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა, შეიძლება მეტად სახოფათო აღმოჩნდეს, ამან შეიძლება, სახიფათო ინციდენტების სერიოზული სპირალი გამოიწვიოს.“
დღეის მდგომარეობით, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამი სამხედრო ბაზით არის წარმოდგენილი. ეს არის ორი: მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ცხინვალში, ჯავასა და გუდაუთაში.
ასევე, 102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში, რომელიც სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრების სიახლოვეს მდებარეობს.
საერთო ჯამში, სამივე სამხედრო ბაზაზე - 15 000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, ასევე თანამედროვე შეტევითი შეიარაღება, მათ შორის ისეთი, დამანგრეველი იარაღი, როგორიც ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-მ“-ია.
"გაერთიანებული დაჯგუფების" შემთხვევაში, ამას ემატება, დაახლოებით, 4000-მდე ადგილობრივი ჯარისკაცი, ოკუპირებული აფხაზეთიდან (2500) და ცხინვალის რეგიონიდან (1300), 45 000 ჯარისკაცი სომხეთის შეიარაღებული ძალებიდან და 18 000 მეომარი ოკუპირებული ყარაბაღიდან.
ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან და უახლოეს მომავალში, სომხეთთან, „გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნა“ გულისხმობს რუსეთის ავტომატურ ჩართვას საომარ მოქმედებებში, თუ მის მოკავშირეებს საფრთხე დაემუქრათ.
სომხეთთან მიმართებაში რუსეთს 1992 წლიდან, ისედაც ჰქონდა ასეთი ვალდებულება აღებული, „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების“ (CSTO) ფარგლებში. ხოლო, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან, მოსკოვმა ეს ვალდებულება 2008 წელს, ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ აიღო.
პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ სახეზეა კრემლის ახალი სამხედრო სტრატეგია, რომელიც კავკასიის რეგიონში, NATO-ს გააქტიურების შესაკავებლად ამოქმედდა.
ეს არის მოსკოვის მცდელობა, ახალი სტრატეგია შეიმუშავოს სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში და ზეგავლენა მოახდინოს NATO-ს სტრატეგიაზე. ჩვენ, მოსკოვის ნაბიჯები უნდა განვიხილოთ, როგორც კრემლის გლობალური სტრატეგიის ნაწილი“კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი
„რუსეთი ცდილობს გადახედოს სამხედრო დოქტრინას. მათ შორის NATO-ს შეკავების პოლიტიკის მიზეზით, იმ ტერიტორიებზე სადაც მას აქვს გავლენა, მოახდინოს სამხედრო ბაზების გაძლიერება ან ახლების შექმნა.
ეს არის მოსკოვის მცდელობა, ახალი სტრატეგია შეიმუშავოს სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში და ზეგავლენა მოახდინოს NATO-ს სტრატეგიაზე. ჩვენ, მოსკოვის ეს ნაბიჯები უნდა განვიხილოთ, როგორც კრემლის გლობალური სტრატეგიის ნაწილი.“
რუსულ-აფხაზური და რუსულ-ოსური „გაერთიანებული ჯარების დაჯგუფებას, შესაბამისად, მე-7 სამხედრო ბაზის მეთაური გენერალ-მაიორი მიხეილ კოსობოკოვი და მე-4 სამხედრო ბაზის მეთაური პოლკოვნიკი მიხეილ პოლიშჩუკი უხელმძღვანელებენ.
რაც შეეხება, რუსულ-სომხურ „გაერთიანებულ ჯარებს“, ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, ამ დაჯგუფების მეთაურს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, რუსს კოლეგასთან შეთანხმებით შეარჩევს.
მშვიდობიანობის დროს, რუსულ-სომხური „გაერთიანებულ ჯარები“ ფორმალურად, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს დაექვემდებარება, ხოლო ომიანობის პერიოდში, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე დვორნიკოვს.
დღესვე, რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი არ აპირებს უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. „ეს არარეალურია დღეს და არ იქნება რეალური არასოდეს. აქედან უნდა გამოვიდეთ, ჩვენს ამას ვეძახით ახალ რეალიებს რეგიონში“ - თქვა კარასინმა.