ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ BM-30 Smerch-ს თბილისის დანგრევაც შეუძლია


რუსული BM-30 Smerch-ის კოლონა 2008 წლის აგვისტოში, ჯავასთან
რუსული BM-30 Smerch-ის კოლონა 2008 წლის აგვისტოში, ჯავასთან

რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზას, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქშია განთავსებული, უპრობლემოდ შეუძლია ცხინვალიდან 90 კილომეტრის რადიუსში, საქართველოს ნებისმიერი სამხედრო თუ სამოქალაქო ობიექტის განადგურება.

ამის შესახებ ცნობილი გახდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ცხინვალთან, РСЗО 9К58 «Смерч»-ის ტიპის რეაქტიული სისტემებით შეიარაღებული არტილერიის დივიზიონი განათავსა.

ბირთვული იარაღის შემდეგ, ეს არის ყველაზე დამანგრეველი იარაღი, რომელიც რუსეთის არმიის შეიარაღებაში იმყოფება. ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ რუსულ „სმერჩს“ თბილისის დანგრევა თავისუფლად შეუძლია.

„90 კილომეტრი წვდომა ნიშნავს, რომ ამ იარაღით შეიძლება საქართველოს ნებისმიერი კომუნიკაციის კონტროლი. მათ შორის, ნებისმიერი სამხედრო ობიექტის, რომელიც განლაგებულია აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისსა და ცხინვალს შორის. პლუს, თბილისის ეკონომიკური თუ სხვა საკვანძო პუნქტების დაბომბვაც თავისუფლად შეუძლიათ.

პირველი, რაც ამ ნაბიჯით რუსეთმა განაცხადა, რომ ის საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს; ფაქტიურად, „სმერჩი“ არ არის თავდაცვითი იარაღი. მისი მაქსიმალური წვდომის სიშორე 90 კილომეტრს აღწევს, ხოლო მინიმალური 20 კილომეტრს. ეს თავისთავად გამორიცხავს, რომ ეს იარაღი, როგორც თავდაცვითი იარაღი ისე იქნეს გამოყენებული.

ეს არის შეტევითი იარაღი, ამ ნაბიჯით რუსეთი ადასტურებს, რომ მზად არის განახორციელოს შეტევითი სამხედრო მოქმედებები, თუ მას ეს დასჭირდება. ნებისმიერი იარაღი სახიფათოა, მაგრამ ხიფათს გააჩნია თავისი მოცულობა.

ამ შემხთვევაში, „სმერჩი“ - თავისი დამანგრეველი ძალის არის მიახლოვებული მასობრივი განადგურების იარაღთან . მას შეუძლია, რეაქტიული ზალპით 60 ჰექტარამდე ტერიტორია დაფაროს და მთლიანად გადაწვას.“

РСЗО 9К58 «Смерч»
РСЗО 9К58 «Смерч»

მესამე დღეა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს სამინისტროს სპეციალურ განცხადებას აცნობენ. საპროტესტო ნოტაში, კერძოდ ნათქვამია, რომ „სმერჩის” ტიპის სისტემების ოკუპირებულ რეგიონში განლაგება, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღდეგ განხორცილებული იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღდეგაა მიმართული.

ამგვარი „ასიმეტრიული“ ქმედებებით კი რუსეთი პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატავას.“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს

„საერთაშორისო ურთიერთობებში, ძალზედ მნიშვნელოვანია, მოთამაშეები, ქვეყნები, ორგანიზაციები რამდენად დგამენ საერთაშორისო სამართლის შესაბამის ნაბიჯებს. რამდენად არის ეს ნაბიჯები თანამშრომლობსა და და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. თუ ამას არ აკეთებენ და პირიქით, საპირისპირი ნაბიჯებს აქვს ადგილი ეს მათვე აუცილებლად ზიანს მოუტანს.“

ცხინვალელმა სამხედრო ექსპერტმა ზაურ ალბოროვმა ინფორმაცია, ცხინვალში РСЗО 9К58 «Смерч»-ის თორმეტი სისტემის შესვლის შესახებ, ჯერ კიდევ, 2010 წლის მარტში გაავრცელა.

საკუთარ გვერდზე ინტერნეტში, ალბოროვმა რუქაც კი გამოაქვეყნა, თუ როგორ შეიძლება ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთიდან,“სმერჩის“ მეშვეობით თბილისსა და მარნეულშიც კი სტრატეგიული ობიექტების განადგურება.

რუსეთის არმიის ძირითადი ბაზა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ სოფელ ყანჩავეთშია განლაგებული.მაშინ ამ ინფორმაციას, ოფიციალური დადასტურება არ მოჰყოლია. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს

„ეს ნაბიჯი შეიძლება განვიხილოთ ორი თვალსაზრისით. ერთი ბუნებრივია არის ის, რომ ყოველთვის საჭიროა შიდა აუდიტორიაზე თამაში, რომ გარე მტერი არსებობს; ამავე დროს აჟიოტაჟისა და პანიკის ატეხვა, გამართლება იმისა, რომ მოხდა ამ ტერიტორიის აღიარება დამოუკიდედელ სახელმწიფოდ; გამართლება რომ მოხდეს იქ რეგულარულად, მუდმივად რაღაც უნდა ხდებოდეს.

ამნაირი რაღაცაც შეიძლება მოხდეს, რომ განალაგონ ახალი შეიარაღება იმ საბაბით რომ ვითომ საფრთხე ემუქრებათ. ანუ, რომ არ მოკვდეს დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის იდეა იქ მსგავსი რაღაცეები უნდა აკეთონ ხოლმე, იპოზიორონ, რომ აი, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველო აგრესიას გეგმავს, ამიტომაც განვალაგეთ „სმერჩი“. ხვალ კიდე სხვა რაღაცას განვალაგებთ, ესეთ კონტექსტში ჯდება რა თქმა უნდა.“

რა შეიძლება დაუპირისპიროს ქვეყნის შუაგულში დამანგრეველი რუსული „სმერჩების“ განთავსებას საქართველომ? ოფიციალურად ცნობილია, რომ თბილისს ასეთი სახის იარაღი არ აქვს. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველომ 2009 წლის ნოემბერში უკრაინასთან გააფორმა საიდუმლო ხელშეკრულება „სმერჩის“ ექვსი სისტემის ყიდვის თაობაზე.

ამ ხელშეკრულების ინგლისურენოვანი ასლი, გრიფით კონფიდენციალური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ბლანკზე და მინისტრ ბაჩო ახალაიას ხელმოწერით ინტერნეტ სივრცეში შარშან გავრცელდა.

თავდაცვის სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ და შესაბამისად, უცნობია, რა შედეგით დასრულდა ეს გარიგება. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოს არ გააჩნია შესაძლებლობა ეფექტური ზომები მიიღოს ასეთი იარაღის წინააღმდეგ. მით უმეტეს, რომ ამ იარაღის მთავარი მახასიათებელი არის ზალპური ცეცხლი, რომელიც გრძელდება 30-35 წამამდე და შემდგომა ერთი წუთის განმავლობაში ამ დანადგარს შეუძლია პოზიცია დატოვოს.

ანუ, ფაქტიურად ის მოწინააღმდეგისთვის ძნელი აღმოსაჩენია და საპასუხო ცეცხლის გახსნაც, საარტილერიო ცეცხლის ჩასახშობად საკმაოდ ნაკლებეფექტურია.“

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურისა და მძლავრი შეტევითი იარაღის შემოტანით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ძალიან დიდი უპირატესობა აქვს.

ცხინვალის რეგიონში „სმერჩების“ განთავსებამდე, მოსკოვმა მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-300 აფხაზეთში განალაგა.

ორივე ტიპის კომპლექსი მოქცეულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (Treaty on Conventional Armed Forces in Europe - CFE) ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ შეზღუდვებში, თუმცა ეს ხელშეკრულება რუსეთმა ზუსტად სამი წლის წინ ცალმხრივად დატოვა.

XS
SM
MD
LG