ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო-რუსეთი: დიალოგი შეუძლებელია


2008 წლის აგვისტო: სასულიერო პირებს ქართველი მეომრების ცხედრები გამოაქვთ
2008 წლის აგვისტო: სასულიერო პირებს ქართველი მეომრების ცხედრები გამოაქვთ

საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთთან დაახლოების პერსპექტივას ვერ ხედავენ. აგვისტოს ომის მეორე წლისთავზე, ქართულ-რუსული ურთიერთობები კვლავაც უკიდურესად მტრულია.

რუსეთი მიზანმიმართულად განაგრძობს ოკუპირებული ქართული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების წახალისებას. ამავე დროს, ამ ანკლავებში კოლოსალური თანხები იხარჯება საოკუპაციო ნაწილებისთვის გამართული სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე აკაკი მინაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ასეთ პირობებში დიალოგი წარმოუდგენელია.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, რუსეთის მოქმედება მოიცავს შემდეგ ლოგიკას. რუსეთი ცდილობს მოახდინოს, ე.წ. "ახალი რეალობის" ლეგიტიმაცია და მათი გაგებით, "ახალი რეალობა" არის "დამოუკიდებელი აფხაზეთი", "დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი" და დამოუკიდებელი დანარჩენი საქართველო.

ბუნებრივია, ეს პოზიცია მიუღებელია ჩვენთვის, ამას ჩვენ არ შევეგუებით. და, სანამ ეს პოზიცია აქვს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, არავითარი შანსი, რომ რაიმე სერიოზული, მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგი მოხდეს, არ არსებობს.“

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი დარწმუნებულია, რომ რუსეთი წლების განმავლობაში გეგმავდა სამხედრო აგრესიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განახორციელა.

ალექსანდრე რონდელმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ რუსეთის პრემიერმა პუტინმა, ჯერ კიდევ პეკინში, ზაფხულის ოლიმპიადაზე ყოფნისას, ჩინეთის ლიდერს ჰუ ძინტაოს უთხრა, რომ აღიარებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

„მან უთხრა ჰუ ძინტაოს, დღეს ეს ცნობილია, რომ ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთს და ოსეთს სულ მალე, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ეს არ მოგეწონებათ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ.

რა თქმა უნდა, იქ რუსეთში, იყო ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ არ ღირს საქართველოს ასე გადამტერება საუკუნოდ, მაგრამ ამაზე, ჩვენ ვიცით, რომ პუტინი და მისი ახლობლები ამბობდნენ, რომ ქართველები ისეთი ხალხია, ამას ჩაყლაპავენ, არა უშავს, გავა დრო, მაგათ დიდ ხანს არაფერზე კონცენტრირება არ შეუძლიათ, სიმღერა, ცეკვა კარგად იციან, ნელ-ნელა ჩაყლაპავენ და ყველაფერი კარგად იქნება.

გააკეთეს და დარწმუნებულები არიან, რომ ეს გააკეთეს კარგად. იმიტომ, რომ ჩვენში, რა თქმა უნდა, გამოჩნდა ხალხი, რომელმაც ეს არა მარტო ჩაყლაპა, არამედ ძალიან გემრიელად მიირთვა და მეგობრობა გამოუცხადა ოკუპანტს და მტარვალს.“

დღემდე მოსკოვი არ ცნობს, პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მთავრობის ლეგიტიმურობას და ოფიციალურ დონეზე ყოველგვარ კონტაქტზე უარს ამბობს.

მოსკოვის მცდელობები პირდაპირი ურთიერთობები დაამყაროს სხვა და სხვა ორიენტაციის ქართველ პოლიტიკოსებთან, პარლამენტარ დავით დარჩიაშვილს აგონებს, გასული საუკუნის 30-ი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირი ოტო კუუსინენის "კარელია-ფინეთის სსრ-ს მარიონეტული მთავრობის" შექმნით ცდილობდა მოეხდინა ფინეთის ოკუპაცია.

დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ მოსკოვის ხელდასმული ქართველები საქართველოსთვის პოტენციური რისკის მატარებლები არიან.

„რომ არ იყოს უშუალოდ კრემლიდან გაცხადებული, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს თავისუფალ არჩევანს, რუსეთი არ ცნობს საქართველოს მთავრობას, მაშინ თავისთავად მიხეილ ხუბუტიას (რუსეთში ქართველთა სათვისტომოს ლიდერი) მაგვარი ფიგურების არსებობა იქნებოდა კურიოზი.

მაგრამ, ამ განცხადებების ფონზე, ასეთი ფიგურების არსებობა არის ასევე რისკი, ისევე, როგორც სხვა ფიგურებისა, რომლებიც აქედან ჩადიან კრემლში. აი, ეს ყველაფერი, იმ წინა მიზნებიდან გამომდინარე არის მიუღებელი და მოუთმენელი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის.“

ომის შემდეგ, ქართული ოპოზიციის ლიდერებიდან მოსკოვში მხოლოდ ორი - ირაკლი ალასანია და ლევან გაჩეჩილაძე არ ჩასულან. გაჩეჩილაძე ერთი თვის წინ ემზადებოდა მოსკოვში ვიზიტისთვის, თუმცა შემდეგ აღარ გაემგზავრა. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის ამბობს, რომ ასეთი სახის ვიზიტებში აზრს ვერ ხედავს

„არც ნოღაიდელი, არც სააკაშვილი, რომელიც აღარ იქნება ხელისუფლებაში, არც ქალბატონი ბურჯანაძე და ვერც ალასანია ოპოზიციიდან, ვერ იქნება ლეგიტიმური წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნისა, ამიტომ მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, თუკი ამოცანად დგას რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება, მოსკოვში ამ შეხვედრების. უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში ჯერ, გავხდეთ ლეგიტიმური წარმომადგენლები ჩვენი ხალხის და შემდეგ ველაპარაკოთ პუტინსაც და მთელ რუსეთსაც.“

ხელისუფლების განწყობის საპირისპიროდ, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ივნისს-ივლისში ჩატარებული კვლევების თანახმად, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა, 2053 გამოკითხული მოქალაქიდან 34 პროცენტისთვის მიუღებელია, 25 პროცენტისთვის ნაწილობრივ მიუღებელი და ეს პოლიტიკა გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტისთვისაა სავსებით მისაღები.

პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ მთავარია მტერმა ქართველი ხალხის ერთიანობის დარღვევა ვერ შეძლოს.

„ჩვენ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ისე მოჩანს, რომ განწირულები არა ვართ და არც გაწირულები ვართ. ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენზე, თუ ჩვენი ერთიანობა ჩანს, თუ ჩანს, რომ ჩვენ არ გვინდა ძალით შეგვათრიონ ისევ რუსეთის გავლენის სფეროში, ალბათ, ეს, არ მოხდება. მაგრამ, თუ სისუსტე დაინახა ყველამ და დაინახეს, რომ ჩვენ ხალხს, პრინციპში ეს არ ადარდებს. სადაც გინდა ვიყო, ოღონდ ვიყო, მაშინ რა თქმა უნდა, დახმარება არ იქნება, არც ამერიკისგან და არც არავისგან.

ამიტომ, ერმა უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე და უნდა აჩვენოს ყველას, რომ ის ვალდებულებები, რომელიც აიღო და ის ფასეულობები, რომელსაც ეტრფის, სერიოზულია და არა სათამაშო. როგორ შეიძლებოდა ჩვენთან ომის დაწყება?! ეს საუკუნოვანი მტრობის ნიშანია. იმიტომ, რომ თავს დაესხა ქვეყანას, წაართვა ორი ტერიტორია და მერე ამბობს, რომ ხალხი გვიყვარს და ხელმძღვანელობა არ გვიყვარსო.“

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, 2008 წლის 29 აგვისტოს გაწყვიტა. პარლამენტში 106 დეპუტატმა დაუჭირა მხარი განკარგულებას „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“. მანამდე საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის დატოვების შესახებ.

დღემდე საქართველოსა და რუსეთს შორის, მკვეთრად შეზღუდული დიპლომატიურ ფუნქციები, მხოლოდ მოსკოვსა და თბილისში არსებული შვეიცარიის საელჩოების მეშვეობით ხორციელდება.

XS
SM
MD
LG