ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხური თამაშები NATO-სა და რუსეთის კარზე


სომხეთმა ორფოლოში Agile Spirit 2017-ში მონაწილეობაზე ბოლო მომენტში უარი თქვა
სომხეთმა ორფოლოში Agile Spirit 2017-ში მონაწილეობაზე ბოლო მომენტში უარი თქვა

სომხეთმა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ბოლო მომენტში გადაიფიქრა NATO-ს ზედიზედ მესამე სამხედრო წვრთნაში მონაწილეობა, რომელმაც ამჯერად, სტარტი სამცხე-ჯავახეთში, ორფოლოს პოლიგონზე აიღო.

მრავალეროვნული სწავლება „მებრძოლი სული“ (Agile Spirit) საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება და მასში, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე პირი მონაწილეობს.

სომხეთმა ივლისის ბოლოს საკუთარი სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს 2017 წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე Saber Guardian-ზე მიავლინა. აგვისტოს დასაწყისში კი ერევანი - სამედიცინო ასეულის დონეზე იყო ჩართული NATO-ს „ღირსეული პარტნიორის“ (Noble Partners) სწავლებაში. ეს წვრთნები უკვე ვაზიანსა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე გაიმართა.

სომხეთის დროშა NATO-ს Noble Partners-ის წვრთნაზე ვაზიანში. 2017 წლის აგვისტო
სომხეთის დროშა NATO-ს Noble Partners-ის წვრთნაზე ვაზიანში. 2017 წლის აგვისტო

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ერთი თვის უკან, „ღირსეულ პარტნიორში“ აზერბაიჯანსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ბაქომ ჯარისკაცები აღარ გამოგზავნა. ამჯერად იგივე ერევანმა გააკეთა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ივლისში, „მებრძოლი სულის“ სწავლების საბოლოო დაგეგვმის კონფერენციაზე მონაწილეობდნენ. 1 სექტემბერს კი თბილისში, არმიჰოლში, სომხეთის თავდაცვის ატაშე სწავლების ოფიციალურ პრეზენტაციასაც დაესწრო. ამ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტმა ლევან იზორიამ სომხეთის და აზერბაიჯანის ჩართვას NATO-ს სწავლებაში „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.

Agile Spirit 2017-ში მონაწილე ქვეყნების თავდაპირველი სია
Agile Spirit 2017-ში მონაწილე ქვეყნების თავდაპირველი სია

​სომხეთის ანალიტიკური გამოცემა Lragir-ის მთავარი რედაქტორი აიკაზნ გაგრიანი სარედაქციო წერილში აღნიშნავს, რომ NATO-ს წვრთნებზე უარი არა სომხეთმა, არამედ რუსეთმა თქვა:

„თუ სომხეთის სახელმწიფო ინტერესი მოითხოვდა NATO-ს წვრთნებზე უარის თქმას, მაშინ ერთი თვის წინ, რაში სჭირდებოდა სომხეთს საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურ წვრთნებში მონაწილეობა? ეს ნიშნავს, რომ არა თუ არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური, სახელმწიფო მექანიზმი, არამედ ეს გადაწყვეტილებები, სომხეთს გარეთ - რუსეთში მიიღება“
აიკაზნ გაგრიანი, Lragir-ის მთავარი რედაქტორი

„თუ სომხეთის სახელმწიფო ინტერესი მოითხოვდა NATO-ს წვრთნებზე უარის თქმას, მაშინ ერთი თვის წინ, რაში სჭირდებოდა სომხეთს საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურ წვრთნებში მონაწილეობა? და რატომ თქვა უარი ამჟამინდელ წვრთნებზე, სულ ბოლო მომენტში?

ეს ნიშნავს, რომ არა თუ არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური, სახელმწიფო მექანიზმი, არამედ ეს გადაწყვეტილებები, სომხეთს გარეთ - რუსეთში მიიღება.“

მრავალეროვნულ სწავლება „მებრძოლი სული 2017“-ზე ყველაზე მეტი - 800 ჯარისკაცით მასპინძელი საქართველოა წარმოდგენილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალციხეში საზღვაო ქვეითების კორპუსის 520 მებრძოლი გადმოისროლა, უკრაინამ 36-ე ცალკეული ბრიგადის 77 საზღვაო ქვეითი, 64 ჯარისკაცი ჰყავს სწავლებაზე ბულგარეთს და 45 - რუმინეთს. საშტაბო სწავლებაში ლატვიის 5 და აზერბაიჯანის 3 ოფიცერი მონაწილეობს.

ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ორფოლოს პოლიგონზე
ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ორფოლოს პოლიგონზე

„მებრძოლი სული 2017“-ის სცენარის მიხედვით, მრავალერონული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები, სიმულირებული საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით, რეგიონში განხორციელებულ აგრესიას პასუხობენ. ამ მიზნით, NATO-მ ბულგარეთიდან ახალციხემდე, გემებით და რკინიგზით, ამერიკული M1 Abrams ტიპის ტანკები, მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორები LAV-ები (LAV-25 — Light Armored Vehicle) და სხვა საბრძოლო ტექნიკა გადმოისროლა.

2017 წლის სწავლების ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი ამბობს

თითოეული ასეთი სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს წვრთნები ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლი მზადყოფნის დონის ამაღლებას და NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან დაახლოებას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და რეგიონში ნდობის ამაღლებას ემსახურება“
პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი

„თითოეული ასეთი სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს წვრთნები ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლი მზადყოფნის დონის ამაღლებას და NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან დაახლოებას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და რეგიონში ნდობის ამაღლებას ემსახურება.“

რუსეთის ზეწოლით სომხეთმა საქართველოს ტერიტორიაზე, NATO-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი 2009 წელსაც თქვა. მაშინ ერევანმა Cooperative Lancer-2009-ში აღარ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მაისს-ივნისში გაიმართა. სომხეთთან ერთად, აგვისტოს ომის შემდეგ, Cooperative Lancer-ზე უარი ასევე სერბეთთმა და ყაზახეთმა განაცხადეს.

ამერიკული M1 Abrams ორფოლოში
ამერიკული M1 Abrams ორფოლოში

სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების“ (CSTO) ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც პრორუსულ სამხედრო ბლოკში ყოფნის მიუხედავად, NATO-თან კონტაქტების შენარჩუნებას ცდილობს. ერევანს ბრიუსელთან 2005 წლიდან აქვს „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ (IPAP) და NATO სომხეთთან ორმხრივ კავშირებს შავი ზღვის აუზის უსაფრთოების ახალი არქიტექტურის კონტექსტში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ერევანში მიმდინარე ფორუმზე „მოწინააღმდეგის სამხედრო-პოლიტიკური ტაქტიკა და ჩვენი მოქმედებები“ სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არტაკ ზაქარიანმა დღეს აღნიშნა, რომ სომხეთის უარში, არ გაეგზავნა ჯარისკაცები საქართველოში, „არაფერი გასაკვირი არ არის“, რადგან მისივე თქმით, „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.

ორფოლოს პოლიგონზე სხვა პარტნიორებთან ერთად, აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს
ორფოლოს პოლიგონზე სხვა პარტნიორებთან ერთად, აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" ამჟამინდელი გეენრალური მდივანი, საქართველოში, თეთრი წყაროში დაბადებული, 65 წლის გენერალ-პოლოვნიკი იური ხაჩატუროვია. ყარაბაღის ომის გმირმა, რომელსაც რვა წლის მანძილზე ეკავა სომხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა და ახლა სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, სამხედრო საქმე თბილისის საარტილერიო სასწავლებელში შეისწავლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG