ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევანში სარქისიანის გადადგომას ზეიმობენ


სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი ორშაბათს მოულოდნელად გადადგა მას შემდეგ რაც ერევნის ქუჩებში ათი დღის მანძილზე ათიათასობით ადამიანი მის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას აპროტესტებდა. სარქისიანს 10 წლის მანძილზე ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა. „ქუჩის გამოსვლები ჩემი ვადის წინააღმდეგაა. მე შევასრულებ თქვენს მოთხოვნას“, - აღნიშნა მან საკუთარ განცხადებაში.

ერევანში ათასობით ადამიანმა მისი გადადგომა იზეიმა. დღეს რამდენიმე ასეული სამხედრო მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციას შეუერთდა. 63 წლის სარქისიანის გადადგომა, ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის გათავისუფლებას მოჰყვა, რომელიც საპროტესტო გამოსვლებს სათავეში ედგა. ფაშინიანი მხარდამჭერებს და გამომსვლელებს „ხავერდოვანი რევოლუციისკენ“ მოუწოდებდა.

მანიფესტაცია სომხეთში 13 აპრილს, სარქისიანის მიერ როლის შეცვლის და პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადასვლის გაპროტესტებით, დაიწყო. 16 აპრილს, სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ხელისუფლების სამივე შტოს აკონტროლებს და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (დაშნაკთუციუნი) ფრაქციამ პარლამენტში ერთხმად წარადგინეს სარქისიანის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე. 2018 წლის აპრილამდე სარქისიანი აცხადებდა, რომ ის არ აპირებდა პრემიერის პოსტის დაკავებას, თუმცა მოგვიანებით მან პოზიცია შეცვალა.

2015 წელს, რეფერენდუმის შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლებების უმეტესი ნაწილი პრემიერ-მინისტრს გადაეცა, რომელსაც პარლამენტი ირჩევს. პარლამენტი ირჩევს ასევე პრეზიდენტსაც, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად სიმბოლური როლი აქვს. 9 აპრილს პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მოკავშირე არმენ სარქისიანი იქნა დამტკიცებული.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება დიმიტრი პესკოვმა, კრემლის პრეს-სპიკერმაც გააკეთა. მისი თქმით მოსკოვი „ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს“ და ერევანი რუსეთისთვის „ძალიან მნიშვნელოვანი“ ქვეყანაა. სომხეთი ინარჩუნებს ახლო კავშირს კრემლთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG