ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პოლიტოლოგები და იურისტები არჩევნების შედეგების სხვადასხვა სცენარის მოდელირებას ცდილობენ. შესაძლებლობებს შორის განიხილება როგორც რესპუბლიკელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება, ასევე - სასამართლოში გადასული ბრძოლა იანვრის დამდეგს, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოკვეთილი ლიდერი ვერ გამოავლინა. იანვარში, შეერთებული შტატების კონგრესმა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა დაამტკიცოს.
2020 წლის არჩევნები უნიკალურია
ანალიტიკოსების აზრით, პანდემიის გამო, წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებით ბევრი კითხვის ნიშნითაა სავსე. წელს, ამერიკელების რეკორდულმა რაოდენობამ, ათეულობით მილიონმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ნაადრევ კენჭისყრაში.
50 შტატში განსხვავებული კანონმდებლობა მოქმედებს, თუ როგორ და როდის უნდა დაითვალონ ნაადრევი კენჭისყრის შედეგები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიულეტენზე შემოხაზული საპრეზიცენტო კანდიდატების, თუ, კანონმდებლების, ადგილობრივი ხელისუფლების, ან სარეფერენდუმო კითხვებზე გაცემული პასუხების შედეგების შეჯამებას, 3 ნოემბრის შემდეგ დღეები და შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.
"კოშმარული სცენარი" განვითარდება, ამბობს უილიამ გალსტონი, ბრუკინგსის ინსიტუტის ექსპერტი, თუკი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საეჭვო გახდა, ერთმანეთთან ძალიან ახლო მონაცემების მიღების შედეგად. მისი აზრით, ეს "ქვეყანას ქაოსში გადაისვრის, უკიდურესად დამაზიანებელ ვითარებაში".
ტრამპის ფაქტორი
სიტუაციას ამწვავებს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებიც. ის გამუდმებით იმეორებს, რომ ფოსტით მასობრივი ხმის მიცემა არჩევნების გაყალბებას გამოიწვევს. ტრამპი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირობის დადებაზეც განმეორებით უარს ამბობს. ის 2016 წლის არჩევნების წინაც ამბობდა, რომ თუ ის არ გაიმარჯვებდა, მაშინ არჩევნები გაყალბებული იქნებოდა და მაშინაც უარს აცხადებდა, უპირობოდ მიეღო არჩევნების შედეგები.
პრეზიდენტ ტრამპის დემოკრატი ოპონენტი, ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს დაეთანხმება. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იმეორებს, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედია.
თანდათან ძლიერდება ქვეყანაში უწესრიგობის მოლოდინი, რაც შეიძლება არჩევნების კონკურენტულმა შედეგებმა გამოიწვიოს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ალბათობა დღეს ბევრი ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რეალურად არსებობს. ახლო კონკურენციის შემთხვევაში, გამოსავალი, ამერიკული საარჩევნო სისტემის მიხედვით, შეიძლება ბევრნაირი იყოს.
რთული საარჩევნო სისტემა
საზოგადოებრივი აზრის ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენს ახლა დიდი უპირატესობა აქვს, საშუალოდ 9-10 პროცენტი. თუმცა, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ელექტორატის ხმის მარტივი უმრავლესობით არ ირჩევენ. 2016 წელს, ჰილარი კლინტონს უფრო მეტმა ამერიკელმა მისცა ხმა, თუმცა არჩევნებზე დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ რთული, ორსაფეხურიანი სისტემააა. შტატების დონეზე მოწყობილ საყოველთაო ხმის მიცემას, მოჰყვება კიდევ ერთი კენჭისყრა სპეციალურ ორგანოში, რომელსაც საარჩევნო (ელექტორალური) კოლეგია ჰქვია. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ შტატზე განსაზღვულია ე.წ. ელექტორების, იგივე საარჩევნო კოლეგიის წევრების კონკრეტული რაოდენობა.
შესაბამისად, თითოეულ შტატში, კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ, ხმის უმრავლესობით გამარჯვებულ კანდიდატს, იმ შტატის საარჩევნო კოლეგიის წევრების განსაზღვრული რაოდენობა ეყოლება. ორ შტატში - მეინში და ნებრასკაში - კოლეგიის წევრების რაოდენობა შეიძლება ზუსტად შუაზე გაიყოს.
ინდივიდუალური შტატების დონეზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები სხვა შედეგებს აჩვენებს. წელს, ისევე როგორც 2016-ში, პრეზიდენტ ტრამპს ისევ აქვს შანსი, ამერიკელთა ხმის უმრავლესობა ვერ მოიპოვოს, მატრამ საარჩევნო კოლეგიის დონეზე მოიგოს, რაც ამერიკულ საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტია.
საარჩევნო კოლეგია საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად, 14 დეკემბერს იკრიბება და გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი. სასწორზე 538 ელექტორის ხმაა. კანდიდატმა არჩევნების მოგებისთვის, კოლეგიის წევრთა 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ხმების ფორმალური დათვლა კონგრესში, სენატის და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებული სხდომის საგანგებო სესიაზე, 6 იანვარს მოხდება.
გადამწყვეტი შტატები
როგორც უკვე აღინიშნა, სხვადასხვა შტატებში ხმის დათვლის განსხვავებული პროცედურაა. ზოგ შტატში კენჭისყრის შედეგების შეჯამებას დღეები დასჭირდება, ზოგან - კვირები. მაგრამ, ზოგიერთი შტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შედეგები იმ ღამესვე, ან მეორე დღეს ცხადდება.
გადამწყვეტ შტატებს შორისაა ფლორიდა. ის 2016 წელს დონალდ ტრამპმა მოიგო, მაგრამ წელს მარათონი კანდიდატებს შორის ძალიან მჭიდრო კონკურენციას აჩვენებს. ფლორიდის მოგება საპრეზიდენტო კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 29 ელექტორის ხმას მისცემს.
თუკი ჯო ბაიდენმა ფლორიდა მოიგო, ექსპერტების აზრით, დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების მოგების შანსი მინიმუმზე დადის. ასევე მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კაროლინა - 15 ელექტორის ხმით და არიზონა -11-ით. ანალიტიკოსები მოელიან, რომ სამივე შტატი შედეგებს გაცილებით უფრო ადრე გამოაცხადებს, ვიდრე სხვები.
მათ შორისაა რიჩარდ პილდესი, საარჩევნო კანონის ექსპერტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ამერიკის კონსტიტუციის პროფესორი. "თუ მაგალითად, პრეზიდენტი ტრამპი ფლორიდას წააგებს, იმის მიუხედავად, რომ მიჩიგანს, პენსილვანიას და ვისკონსინს დათვლა დასრულებული არ ექნება, ჩვენ კარგი მიზეზი გვაქვს დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ არჩევნებს ბაიდენი მოიგებს" - ამბობს პროფესორი პილდესი.
მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინიც მნიშვნელოვან შტატებად ითვლება. პენსილვანიას 20 ელექტორი ჰყავს, მიჩიგანს - 16 და ვისკონსინს -10.
პოტენციური სასამართლო ბატალიები
ასეთი სცენარიც შესაძლებელია: არ არის გამორიცხული, ფლორიდის საარჩევნო კოლეგიაში ხმები თითქმის თანაბრად გადანაწილდეს. პარალელურად, სხვა გადამწყვეტ შტატებში წინასწარი შედეგებით გამოკვეთილი გამარჯვებული არ გამოვლინდეს. ასეთ დროს, შედეგების გამოცხადება დროში გაიჭიმება და ვითარების გართულება გამორიცხული არ არის.
"თუ შედეგი გაურკვეველი იქნა, მოდი ვთქვათ, მომდევნო დღის ადრე დილით, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, ნაადრევი კენჭისყრის შედეგების დიდი რაოდენობის გამო, ხმის დათვლა დასრულებული არ არის... მაშინ, მოსალოდნელია ამ შტატებში ინტენსიური გასაჩივრება თითოეული ხმის შემოწმებით და გადათვლით" - ამბობს პროფესორი პილდესი.
3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებს და 6 იანვარს, კონგრესის მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებას შორის, რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი იქნება. მათ შორის უმნიშვნელოვანესია 8 დეკემბერი, არჩევნების ე.წ. "უსაფრთხო ნავსაყუდელი". ეს არის ბოლო ვადა, როცა თითოეულმა შტატმა უნდა წარადგინოს ამერიკის საარჩევნო სისტემის ერთგვარი არქიტექტორების, შტატის ელექტორების სერტიფიცირებული გადაწყვეტილება.