შეერთებულ შტატებში პირველი საპრეზიდენტო დებატების მიმართ მოლოდინი წელს ძალიან დიდია. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ხშირად ისტორიულს უწოდებენ, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებით არის განპირობებული.
პირველ რიგში, ეს გლობალურ პანდემიას უკავშირდება, რომლის მონაცემები ამერიკაში ისევ მზარდია და გაკონტროლება აქამდე ვერ ხერხდება. შეერთებული შტატები, ინფიცირების და კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით, კვლავ მსოფლიოს ლიდერად რჩება. დღეისთვის ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 7.3 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილია 210 ათასზე მეტი ამერიკელი. გამომჯობინდა 4.6 მილიონზე მეტი და სამედიცინო კონტროლის ქვეშ იმყოფება 2.6 მილიონამდე ადამიანი.
3 ნოემბერს დანიშნულ საყოველთაო არჩევნებამდე, რომელზეც არამარტო ამერიკის მომავალ პრეზიდენტს, არამედ კონგრესის კანონმდებლებს და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებსაც ირჩევენ, 5 კვირაზე ნაკლები რჩება. ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, ჯო ბაიდენი საშუალოდ 7 პროცენტით ლიდერობს.
პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების მოსაზრებით, ამერიკელთა უპრეცედენტო რაოდენობა ხმას ფოსტის საშუალებით მისცემს. ამ მიზეზით, არჩევნების შედეგები მაშინვე ცნობილი არ გახდება. შესაბამისად, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ამ ნიშნითაც ისტორიული იქნება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის დებატებს, წელს ტელევიზიის, რადიოს და ინტერნეტის საშუალებით, რეკორდული - სულ ცოტა, ასი მილიონი ადამიანი - მიადევნებს თვალს. ის სავარაუდოდ, კენჭისყრის დროს, ბევრი ამერიკელის საბოლოო არჩევანზეც იმოქმედებს.
საპრეზიდენტო დებატების აუდიტორიამ პირველი რეკორდი შეერთებულ შტატებში 2016 წელს მოხსნა. მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს და ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შორის გამართული ტელედებატები დაახლოებით 84-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. მეორე ადგილზე, 80-მილიონიანი აუდიტორიით, 1980 წელს რესპუბლიკელ რონალდ რეიგანს და დემოკრატ ჯიმი კარტერს შორის გამართული ტელედებატებია.
დღევანდელი საათნახევრიანი დებატები, რომელზეც სარეკლამო ჭრები არ იქნება, საღამოს 9 საათზე, ქ. კლივლენდში, ოჰაიოს შტატში დაიწყება. ის თითქმის ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალების მიერ პირდაპირი ეთერით გადაიცემა ტელე, რადიო და ინტერნეტის საშუალებით. „ამერიკის ხმა“ დებატებს პირდაპირ ეთერში, „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე შემოგთავაზებთ.
"ფოქს ნიუსის" ჟურნალისტმა და დღევანდელი დებატების მოდერატორმა კრის უოლესმა დებატებისთვის 6 მთავარი თემა დაასახელა, რომელთა შესახებ მსჯელობას წამყვანი კანდიდატები 15-15 წუთს დაუთმობენ. ესენია: კანდიდატების მთავარი მიღწევები უმაღლეს პოსტზე ყოფნის დროს; უზენაესი სასამართლოს ვაკანსია, რომელიც რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა; პანდემია კოვიდ-19 და მისი მართვა; ეკონომიკა; რასობრივი პრობლემები და ძალადობის საკითხები ამერიკის ქალაქებში და ბოლოს - არჩევნების უსაფრთხოება.
თუმცა, მოვლენების მიმდინარეობის მიხედვით, არ არის გამორიცხული, სადებატო საკითხები შეიცვალოს. მოსალოდნელია, რომ რაღაც მომენტში, საუბარი შეეხება პრეზიდენტ ტრამპის ბოლო 15 წლის ფედერალურ გადასახადებს. დებატებამდე ორიოდ დღით ადრე, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ საარჩევნო მარათონისთვის დამახასიათებელი, ე.წ. ოქტომბრის სიურპრიზი, სექტემბრის ბოლოს მოაწყო და გაზეთში ჟურნალისტური გამოძიების მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ პუბლიკაციის მიხედვით, მილიარდერ პრეზიდენტს, ფედერალური გადასახადი ბოლო 15 წლიდან 10 წლის მანძილზე საერთოდ არ გადაუხდია. გადახდილებიდან კი, ორი წლის მანძილზე, ის წელიწადში 800 დოლარზე ნაკლებს იხდიდა. ამას გარდა, მას აქვს 400 მილიონ დოლარზე მეტი გაურკვეველი წარმოშობის ვალი, რაც, დემოკრატი მიმომხილველების აზრით, შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა იყოს, თუკი სესხი უცხოეთშია აღებული.
პუბლიკაციაზე და ამტყდარ აჟიოტაჟზე პასუხად, პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ეს „ფეიქ-ნიუსი“, ანუ ყალბი ახალი ამბავია. მოგვიანებით კი ისიც თქვა, რომ „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ინფორმაცია მისი გადასახადების შესახებ, უკანონო გზით მოიპოვა.
შეერთებული შტატების ისტორიაში საპრეზიდენტო დებატები ყოველთვის არ იმართებოდა. ე.წ. ოქროს სტანდარტად ითვლება 1858 წელს, აბრაამ ლინკოლნს და სტივენ დუგლასს შორის გამართული სესიები მწვავე საკითხებზე. ისინი მაშინ ამერიკის სენატორობისთვის იბრძოდნენ.
თითოეულ კანდიდატს გამხსნელი სიტყვისთვის თითო საათი ჰქონდა, მოწინააღმდეგეს კი გასაკრიტიკებლად - 30 წუთი. სულ რაღაც ორიოდ წლის შემდეგ, 1960 წელს, ლინკოლნი და დუგლასი ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ, ამჯერად პრეზიდენტის პოსტისთვის. არჩევნები მაშინ ლინკოლნმა მოიგო.
სატელევიზიო დებატებს ამერიკაში საფუძველი 1960 წელს ჩაეყარა, თუმცა თავიდან ის ყოველწლიურად არ იმართებოდა. ტრადიციის მიხედვით, დებატების ორგანიზატორია შეერთებული შტატების საპრეზიდენტო დებატების კომისია, რომელიც 1988 წლიდან მოყოლებული, სათავეში უდგას ყველა საპრეზიდენტო დებატებს. ეს არ ეხება წინასაარჩევნო შიდაპარტიულ დებატებს, რომელთა ორგანიზებაც რესპუბლიკური ან დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტებში ხდება.
საპრეზიდენტო დებატების კომისიას ორპარტიული საბჭო მართავს. მისი თავმჯდომარეა ფრენკ ფარენკოფი, რომელიც ორგანიზაციის თანადამფუძნებელია და გასული საუკუნის 80-იან წლებში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
საპრეზიდენტო დებატების რაოდენობა მკაცრადაა განსაზღვრული. წელს, 3 ნოემბრის არჩევნებამდე კიდევ 3 მსგავსი ღონისძიება იგეგმება. დამატებით ორი საპრეზიდენტო დებატების გარდა, დებატები გაიმართება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის: რესპუბლიკელ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და დემოკრატ სენატორ კამალა ჰარისს შორის.
ეს უკანასკნელი ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. კამალა ჰარისი პირველი შავკანიანი ქალი, ასევე აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია, რაც წლევანდელი არჩევნების ისტორიულობას კიდევ ერთი ნიშნით განაპირობებს.
ოქტომბრის საპრეზიდენტო დებატების განრიგი ასე გამოიყურება: 15 და 22 ოქტომბერს ის კვლავ დონალდ ტრამპს და ჯო ბაიდენს შორის გაიმართება. მანამდე კი, ერთმანეთს 7 ოქტომბერს, მაიკ პენსი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი დებატების მოდერატორი იქნება სიუზან ფეიჯი (USA Today). ის 9 სეგმენტისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს 10-10 წუთი დაეთმობა.
შემდეგ, 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო დებატების მოდერატორი სტივ სკალი (C-Span) იქნება. მეორე საპრეზიდენტო დებატები ამომრჩევლებთან შეხვედრის და მათ კითხვებზე პასუხის ფორმატში გაიმართება. 22 ოქტომბერს, ბოლო საპრეზიდენტო დებატების მოდერატორი კი კრისტენ უელკერი (NBC) იქნება და ის იგივე ფორმატში გაიმართება, როგორც დღევანდელი, პირველი დებატები.
კიდევ ერთი მცირე, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო დეტალი: მართალია, დებატებამდე მათ ვერ მიაღწიეს, მაგრამ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბიულეტენზე სხვა პარტიების კანდიდატებიც არიან. მათი სახელები არათუ უცხოეთში, არამედ ამერიკაშიც ბევრმა არ იცის. პანდემიის გამო, კანდიდატებს წელს კამპანიების გამართვის და ცნობადობის გაზრდის საშუალებაც კი არ ჰქონიათ.
თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენენ. 2016 წელს ამ ე.წ. მესამე პარტიების წარმომადგენლებმა ხმების ნაწილი დაუკარგეს დემოკრატ ჰილარი კლინტონს. ეგზიტპოლების შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლების ნაწილი, ვინც მესამე პარტიელებს მისცა ხხმა, მათი არარსებობის შემთხვევაში, დემოკრატ კანდიდატს ამოირჩევდა.
Facebook Forum