ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2020 წლის ბოლო საპრეზიდენტო დებატები ახალი წესებით ჩატარდება


მეორე და საბოლოო, საპრეზიდენტო დებატები, ამერიკაში, ხუთშაბათს, ახალი წესების დაცვით ჩატარდება. არჩევნების დღემდე ეს ბოლო მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც წინასაარჩევნო ციკლშია დაგეგმილი. ახალი წესების მიხედვით, კანდიდატებს არ ექნებათ საშუალება ერთმანეთს სიტყვა შეაწყვეტინონ, რაც წინა დებატებზე ხშირად ხდებოდა.

პრეზიდენტ ტრამპს ახალი წესები არ მოსწონს და უკმაყოფილოა საპრეზიდენტო დებატების საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით. "ეს უსამართლოა", - თქვა პრეზიდენტმა, თუმცა ის მაინც აპირებს, რომ ხუთშაბათს, ნეშვილში, ტენესის შტატში დაგეგმილ დებატებში მიიღოს მონაწილეობა.

"მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ ძალიან უსამართლოა, რომ თემები შეცვალეს და კიდევ ერთხელ, გვეყოლება წამყვანი, რომელიც უკიდურესად მიკერძოებულია", - უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა.

კრისტენ უოლკერი, ტელეკომპანია NBC-ის გამოცდილი ჟურნალისტი და თეთრი სახლის კორესპონდენტია. თემები კი, რომელიც ჟურნალისტმა შეარჩია შემდეგია: კორონავირუსი, ამერიკული ოჯახები, რასობრივი თემა ამერიკაში, კლიმატის ცვლილება, ეროვნული უსაფრთხოება და ხელმძღვანელობა.

ტრამპის კამპანიაში თვლიან, რომ დებატები მეტად უნდა ფოკუსირდეს საერთაშორისო ურთიერთობებზე,

ბაიდენის კამპანიაში კი ფიქრობენ, რომ ტრამპი ცდილობს თავი აარიდოს კორონავირუსის პანდემიის თემისა და იმის განხილვას, თუ როგორ იქცეოდა და რა გადაწყვეტილებებს იღებდა ის პანდემიის დროს.

ორივე მხარე შეთანხმდა, რომ თემებს მოდერატორი შეარჩევდა.

ახალი ფორმატის მიხედვით, თითო თემის განხილვას 15-15 წუთი დაეთმობა, ხოლო ამ თემების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე საპასუხოდ კანდიდატებს 2-2 წუთი ექნებათ. ამის შემდეგ კი ღია დისკუსია გაიხსნება.

2020 წლის პირველი საპრეზიდენტო დებატების დროს, დონალდ ტრამპი მის ოპონენტს ხშირად აწყვეტინებდა სიტყვას. საპრეზიდენტო დებატების საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს, 2 წუთის განმავლობაში, როდესაც ერთი კანდიდატი ისაუბრებს, მეორეს მიკროფონი გამორთული ექნება.

"ორივე კამპანიამ ამ კვირაში, თავიდან დაგვიდასტურა თანხმობა 2-წუთიანი უწყვეტი დროის შესახებ", - ეწერა განცხადებაში, რომელიც კომისიამ გაავრცელა.

კომისიის განმარტებით, შესაძლოა, არცერთი კანდიდატის კამპანია არაა საბოლოოდ კმაყოფილი წესებით, თუმცა, მათ სჯერათ, რომ ახალი წესები იმისთვისაა, რომ "დაიცვან სწორი ბალანსი და გამოხატონ ამერიკელი ხალხის ინტერესები".

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG