ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეფასებები პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ


სამშაბათ საღამოს ჩატარებულმა პირველმა საპრეზიდენტო დებატებმა, რესპუბლიკელების კანდიდატ, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატების კანდიდატ, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შორის, საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა, მათი კამპანიის მენეჯერები, ორივე მხარეს, ამტკიცებენ, რომ დებატებმა კარგად ჩაიარა და მათმა კანდიდატებმა მოიგეს.

რონა მაკდენიელმა, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, დებატების შემდეგ "ტვიტერზე" დაწერა: "90 წუთის განმავლობაში, დონალდ ტრამპმა მტკიცედ და თავდაჯერებულად ჩამოაყალიბა მისი თავიდან არჩევის არგუმენტაცია და ჯო ბაიდენს პასუხი მოსთხოვა გადასახადების გაზრდის, სამუშაო ადგილების განადგურებისა და ჩვენი საზოგადოებისთვის უსაფრთხოების შემცირების გამო ".

ტიმ მორტომ, პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციის დირექტორმა, "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო "ფანტასტიკური".

პარალელურად, დემოკრატებმა განაცხადეს, რომ დებატებში ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გაიმარჯვა და პრეზიდენტ ტრამპის საქციელმა კარგი მიზეზი მისცა ამერიკელებს, თუ რატომ აღარ უნდა აირჩიონ ის მეორე ვადით.

"დონალდ ტრაპმა ამ ქვეყანას იმედი გაუცრუა თავისი ტყუილებით, ფანატიზმით და წინდაუხედავი ლიდერობით", დაწერა "ტვიტერზე" ამერიკელმა სენატორმა კორი ბუკერმა, რომელიც სენატში ნიუ-ჯერსის შტატს წარმოადგენს.

საპრეზიდენტო დებატები წინასაარჩევნო ციკლში, ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია არჩევნების დღემდე. ამ დროს საპრეზიდენტო კანდიდატები საკუთარ გეგმებს და მოსაზრებებს აცნობენ ხოლმე მოსახლეობას და ერთმანეთის არგუმენტებსაც პირდაპირ ეთერში პასუხობენ.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები კანდიდატებს შორის გუშინ საღამოს, ამერიკის დროით, 9 საათზე ჩატარდა და მისი მოდერატორი "ფოქს ნიუსის" ჟურნალისტი და წამყვანი, ქრის უოლესი იყო.

შემდეგი დებატები 7 ოქტომბერს, ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გაიმართება. რესპუბლიკური პარტიიდან, ამ თანამდებობისთვის კვლავ მაიკ პენსი, ქვეყნის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი იბრძოლებს, ხოლო დემოკრატების მხრიდან სენატორი კამალა ჰარისი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG