ამერიკული პოლიტიკის და მედიის ყურადღების ცენტრში, დღეს საღამოს დაგეგმილი ვიცე-პრეზიდენტების დებატებია. სოლტ-ლეიკ-სითიში ერთმანეთს რესპუბლიკელი მაიკ პენსი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატი სენატორი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. ჩვეულებრივ, საპრეზიდენტო კამპანიების ციკლში, ეს მეორეხარისხოვან დებატებად ითვლება, მაგრამ წელს სიტუაცია სრულიად განსხვავებულია.
პირდაპირი ეთერის მიმართ დიდი ყურადღებაა მიპყრობილი, რაც ერთის მხრივ პანდემიის კოვიდ-19 და ასევე საპრეზიდენტო კანდიდატების ხანდაზმულობითაა გამოწვეული. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 74 წლისაა, დემოკრატი ჯო ბაიდენი კი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი - 77 წლის. გამარჯვების შემთხვევაში, თეთრ სახლში შესვლის მომენტში, ორივე ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება.
ამას ისიც ემატება, რომ პარასკევს, ამერიკის პრეზიდენტს კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. ვინაიდან მისი ოპონენტი კიდევ უფრო ხანდაზმულია, ახლა ვიცე-პრეზიდენტობის შედარებით ახალგაზრდა კანდიდატები, როგორც ამომრჩევლების, ისე სპეციალისტებისთვის მეტ მნიშვნელობას იძენენ. საჭიროების შემთხვევაში, სწორედ ისინი ჩაანაცვლებენ გამარჯვებულ პრეზიდენტს.
ვიცე-პრეზიდენტობამდე, 61 წლის მაიკ პენსი კონგრესის წევრი იყო მანამდე კი ინდიანის შტატის გუბერნატორი. იმის გამო, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კამპანიის განრიგით გათვალისწინებული შეხვედრები გაუქმებული აქვს, სწორედ პენსი იქნება დღეს გამადიდებელი შუშის ქვეშ.
55 წლის კამალა ჰარისი ამჟამად კალიფორნიის დემოკრატი სენატორია, მანამდე კი ის შტატის გენერალური პროკურორი იყო. ჰარისი პირველი აფრო-ამერიკელი და აზიური წარმოშობის ქალია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს.
კამალა ჰარისი ყურადღების ცენტრში არამარტო პანდემიის და ჯო ბაიდენის ასაკის გამო მოექცა. წელს, შავკანიანთა მოძრაობის ზრდის ფონზე, დემოკრატები ჰარისზე, რომელსაც მამა შავკანიანი ჰყავს და დედა ინდოელი, დიდ იმედებს ამყარებენ.
„ეს წელი განსხვავებულია არამარტო კორონავირუსის გამო, არც მარტო იმის გამო, რომ შეიძლება მეტი საპრეზიდენტო დებატები აღარც კი გაიმართოს, არამედ იმ ფაქტის გამოც, რომ ჩვენ ბიულეტენზე ორი სამოცდაათ წელს გადაცილებული ადამიანი გვყავს“ - ამბობს ტოდ ბელტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მართვის პროგრამის დირექტორი.
„ვიცით, რომ ყოველი ოთხი პრეზიდენტიდან ერთი ვადას არ ასრულებს“ - აგრძელებს ის. აქედან გამომდინარე, „ძალიან მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ ვიცე-პრეზიდენტ პენსს და სენატორ კამალა ჰარისს, როგორც კანდიდატთა შესაძლო ჩამნაცვლელებს“ - ამბობს პროფესრორი ბელტი.
ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი უოლტერ რიდის საავადმყოფოში იყო, საარჩევნო კამპანიის მთავარ ღონისძიებებზე ტრამი პენსმა ჩაანაცვლა. ახლაც, რადგან პრეზიდენტისგან ინფიცირების შანსი ჯერ ისევ მაღალია, კამპანიას პენსი აგრძელებს. მან რამდენჯერმე აიღო ტესტი კორონავირუსზე და უარყოფითი პასუხი მოუვიდა.
„უეცრად თეთრ სახლში კოვიდის აფეთქება მივიღეთ, რაც გავლენას ახდენს პრეზიდენტზე, მას საავადმყოფოში ამყოფებს და აიძულებს ამერიკულ საზოგადოებას გაცილებით უკეთ ჩაუღრმავდეს ვიცე-პრეზიდენტის როლს“ - აღნიშნავს კაპრი საფარო, ამერიკულ უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ეს ყოველივე ვიცე-პრეზიდენტების დებატების მიმართ ინტერესთან ერთად, მოლოდინსაც ძალიან ზრდის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საპრეზიდენტო დებატებმა ტრამპს და ბაიდენს შორის ისე უწესრიგოდ ჩაიარა, რომ შეერთებული შტატების დებატების კომისიას წესების გადახედვა მოუწია. მაგრამ, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პენსს და ჰარისს შორის დიდი ანტაგონიზმი დღეს არ იქნება.
არც ისაა გამორიცხული, რომ ეს წელს ბოლო დებატები იყოს, რომელზეც კანდიდატები ფიზიკურად იქნებიან წარმოდგენილები. მართალია, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ ხუთშაბათს დაგეგმილ დებატებზე მაიამიში გამოცხადდეს, მაგრამ დამოუკიდებელი ექიმების შეფასებით, მისგან ინფიცირების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომ უცნობია, დაუშვებს თუ არა კომისია მას დებატებზე. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კიდევ ერთი, დასკვნითი დებატებია დაგეგმილი ორ კვირაში, ქ. ნეშვილში.
"სულმოუთქმელად ველოდები ხუთშაბათ საღამოს, 15 ოქტომბრის დებატებს მაიამიში" - დაწერა "ტვიტერზე" გუშინ დონალდ ტრამპმა. მაგრამ, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გზამკვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული ადამიანი შეიძლება დაავადების გადამდები იყოს სიმპტომების გაჩენიდან 10-20 დღის განმავლობაში. პრეზიდენტ ტრამპს კი დიაგნოზი 3 ოქტომბერს დაუსვეს.
დღეს დაგეგმილ „დებატებს ეს ყველაფერი მეტ წონას და მნიშვნელობას ანიჭებს, განსაკუთრებით ტრამპ-პენსისთვის. მათ მარათონის დინამიკის შეცვლა უწევთ“ - ამბობს უილიამ ჰოუელი, ამერიკული პოლიტიკის პროფესორი ჩიკაგოს უნივერსიტეტში. „ისინი გარკვევით ჩამორჩებიან ექვსი-რვა პროცენტით. მათ მარათონის დინების შესაცვლელად რაიმე უნდა იღონონ. ეს ბოლო შანსი არ არის, მაგრამ ახლა ამის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ეძლევათ“ - აღნიშნავს პროფესორი ჰოუელი.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ პენსი არ გაუსვამს ხაზს მთავრობაში, აღმასრულებელ პოსტზე მისი მუშაობის ხანგრძლივ გამოცდილებას და არც კონსერვატორული ფასეულობებისადმი საკუთარ ერთგულებას. პენსი ძირითადად ტრამპის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრებს, აღნიშნავს პრეზიდენტის წარმატებას კონსერვატორი უზენაესი მოსამართლეების დანიშნვის საქმეშიც.
პენსი, როგორც თეთრი სახლის კორონავირუსის საგანგებო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, შეეცდება დაიცვას პრეზიდენტის პოლიტიკა პანდემიის მართვის პროცესში. ეს არ იქნება იოლი საქმე, რადგან ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კოვიდ-19-ის გამო შეერთებულ შტატებში 210 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 7.4 მილიონზე მეტი.
„ის იმას იზამს, რასაც ყოველთვის აკეთებდა - პრეზიდენტთან ჰარმონიას წარმოაჩენს“ - აღნიშნავს პროფესორი ჰოუელი. მისი თქმით, პენსი „გაიმეორებს პრეზიდენტის მიერ უკვე გაკეთებულ განცხადებებს. საკუთარი ხმით კი ისაუბრებს, მაგრამ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ექო იქნება და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ნათქვამის დაცვას შეეცდება. ის ტრამპის არხის ხმა იქნება და არა საკუთრი ხმა“.
პროფესორი ბელტი კი მოელის, რომ პენსი კამალა ჰარისზე აუცილებლად მიიტანს იერიშს, შავაკანიანთა საპროტესტო აქციებზე, დიდ ქალაქებში მომხდარი ძალადობის ფაქტების გამო. ასევე მოსალოდნელია ჰარისის ადრეული, პროკურორობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკა, რომელიც ერთგვარად წინააღმდეგობაში მოდის სენატორის მიერ დღეს შავკანიანთა მოძრაობის მხარდაჭერასთან.
ექსპერტების აზრით, დღეს კამალა ჰარისი გაცილებით რთულ სიტუაციაში იქნება. მან ისე უნდა შეუტიოს პრეზიდენტ ტრამპის მიერ პანდემიის მართვას, რომ მისი ავადმყოფობაც გაითვალისწინოს და ზომიერება დაიცვას.
ვიცე-პრეზიდენტების დებატების მიმართ მთავარი მოლოდინი ყოველთვის ის არის, რომ მათ საარჩევნო კამპანია არ დააზიანონ. „თუმცა, კამალა ჰარისი ცნობილია, როგორც დაუნდობელი მოკამათე. ის ყოფილი პროკურორია. ჩვენ ვნახეთ, როგორ უსვამდა ის კითხვებს მოპასუხეებს სენატის იურიდულ კომიტეტში. მას უყვარს მოიერიშის პოზიცია“ - აღნიშნავს პროფესორი ბელტი და დასძენს: „მაგრამ ახლა ბაიდენის კამპანიას ეს არ სჭირდება... ისინი გამოკითხვებში კარგად მიდიან, განსაკუთრებით - მერყევ შტატებში. ახლა მან [ჰარისმა] უბრალოდ არაფერი არ უნდა შეცვალოს“.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჰარისი პრეზიდენტის ავადმყოფობას ტაქტიანად მოეპყრობა. სენატორისთვის ერთგვარი „გემრიელი საკბილო“ იქნება პენსის პოზიცია თეთრ სახლში, როგორც კორონავირუსის საგანგებო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის. სწორედ ამ მიმართულებით ელიან ჰარისის გააქტიურებას და იერიშს.
საბოლოო ჯამში, ახალი კორონავირუსი დისკუსიის მთავარი თემა იქნება. საუბარი ასევე შეეხება ტრამპის მიერ წამოყენებულ, უზენაესი მოსამართლის ახალ კანდიდატურას: ემი კონი ბარეტს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სენატორი ჰარისი, რომელიც სენატის იურიდიულ კომიტეტში მსახურობს, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და ლიბერალი მოსამართლის რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ, მისი კონსერვატორი მოსამართლით ჩანაცვლების მცდელობაზეც აუცილებლად ისაუბრებს.