ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

50-ზე მეტი რესპუბლიკელი შეუერთდა ბაიდენის მხარდამჭერ კამპანიას


რესპუბლიკელთა კიდევ ერთ ჯგუფს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის წინააღმდეგ გაერთიანდა, 50-ზე მეტი ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი რესპუბლიკელი თანამშრომელი შეემატა. სააგენტო "როიტერის" ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, ისინი ერთობლივი განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავენ.

ჯგუფს ჰქვია "ეროვნული უსაფრთხოების რესპუბლიკელი ოფიციალური პირები ბაიდენისთვის". ის აგვისტოში შეიქმნა და მასში თავიდან 70 სპეციალისტი ერთიანდებოდა. ახალი წევრების დამატების შემდეგ, ჯგუფში ახლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 130 ყოფილი თანამშრომელია.

აქედან, 7 თავად პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში მსახურობდა. დანარჩენები კი პრეზიდენტ რონალდ რეიგანის, უფროსი და უმცროსი ჯორჯ ბუშების ადმინისტრაციის თანამშრომლები იყვნენ.

56 ახალ წევრს შორის არიან გრეგ ბროუერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის მოადგილე; დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლარი პაიფერი და ალდენ მანსონი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოფილი მეორე მოადგილე.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ჯგუფი "ეროვნული უსაფრთხოების რესპუბლიკელი ოფიციალური პირები ბაიდენისთვის", დღეიდან სარეკლამო კამპანიას 7 კრიტიკული მნიშვნელობის შტატში იწყებს. ესენია: პენსილვანია, მიჩიგანი, ვისკონსინი, ფლორიდა, არიზონა, ჩრდილოეთ კარილინა და არიზონა.

რეკლამა პრეზიდენტ ტრამპს ადანაშაულებს ამერიკის ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნად ქცევაში; მოკავშირეების დამცირებაში; პანდემიის ცუდად მართვაში და ამის გამო, მძიმე ეკონომიკურ შედეგებში და ა.შ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიამ, რესპუბლიკელების მიერ შექმნილ მსგავს ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატ ჯო ბაიდენს უჭერენ მხარს და მისთვის სარეკლამო კამპანიებს მართავენ, ბრალი დასდო "კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდების მცდელობაში". თავად ტრამპი ამ რესპუბლიკელებს "არასოდეს ტრამპი" ჯგუფს უწოდებს. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" პრეზიდენტმა დაწერა, რომ ისინი "ადამიანის პროვოკაცია" არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG